16 ივნისი 2019,   21:58
ვრცლად
მირზა სუბელიანის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია - ადვოკატი

ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა გლდანის ციხეში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი მოინახულა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი ციხეში სცემეს.

ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ სუბელიანს სხეულზე მხოლოდ თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

ადვოკატი აუდიოჩანაწერების გავრცელებას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანს სწორედ სუბელიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა წარმოადგენდა.

ადვოკატის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, მირზა სუბელიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ვერ დავადასტურებ, რადგან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება იმ დაზიანებებს, რაც მას აქვს სხეულზე, ეს არის ამ წლის 15 ოქტომბერს მისი მხრიდან სუიციდის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ამის შედეგად მიღებული დაზიანებები, ის იმყოფება დღესაც სტრესულ მდგომარეობაში.

"რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც გავრცელდა საჯარო სივრცეში, დეტალებზე ვერ ჩავუღრმავდები იმდენად, რამდენადაც გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი, ჯერჯერობით, არ არის გამოკითხული, არ არის დაფიქსირებული მისი პოზიცია და ჩვენც, ადვოკატები, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, შეზღუდული ვართ კონფიდენციალობის ვალდებულებით,“ - განაცხადა ინგა ჩალაურმა.

მირზა სუბელიანი გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა. მისი თქმით, რაიმე სახის ფიზიკურ ზემოქმედებას თავად სუბელიანიც უარყოფს.

 

დღის ამბები