25 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
ანა დოლიძის აცილება იუსტიციის საბჭოს მხრიდან იყო პრაქტიკულად ერთგვარი ცენზურის შემოტანის მცდელობა - სულხან სალაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სახელით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. დავის საგანი “საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ის ნორმებია, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატს არაობიექტურობის გამო უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების უფლებას აძლევს.

საქმე ეხება, ანა დოლიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მოსამართლეებად არ უნდა ინიშნებოდნენ ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში რეპრესიებს ახორციელებდნენ. ამ განცხადების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძე 14 მოსამართლის დანიშვნის პროცესს ააცილა.

„ვთქვი და დღესაც ვთვლი, რომ ასეთი მოსამართლეები რომლებიც ემსახურებოდნენ რეპრესიულ მანქანას არ უნდა დაინიშნონ უვადოდ. ჩემი ეს განცხადება იქნა მიღებული ანტაგონისტურად იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ და ამას მოჰყავ აცილებათა მთელი კასკადი,“-ამბობს ანა დოლიძე.

საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები ერთგვარი ცენზურის შემოტანას ცდილობენ.

„ეს აცილება იუსტიციის საბჭოს მხრიდან იყო პრაქტიკულად ერთგვარი ცენზურის შემოტანის მცდელობა იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში და ეს იყო იმის დამატებითი ბერკეტი, რომ სასურველი მოსამართლეები ყოველთვის შეიძლება დაინიშნონ თანამდებობაზე თუკი საბჭო უმრავლესობით გადაწყვეტს ამას და იქ არ დაისვას კრიტიკული შეკითხვები“-ამბობს „საიას“ თავმჯდომარე სულხან სალაძე.

დღის ამბები