19 აპრილი 2024,   00:57
ვრცლად
ბიზნესმენის შვილის გატაცება - პროკურატურა 5 ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

ათიდან 3 დაკავებული, მათ შორის, ერთი ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს.

5 ბრალდებულისთვის კი პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამ დრომდე უცნობია, წარუდგინეს თუ არა კიდევ ორ პირს ბრალი.

ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავებულების მიმართ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია.

ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ისინი ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე უნდა გათავისუფლდნენ.

28 წლის თემურ კენჭაძის ადვოკატი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფიც გახდა ძალადობის მსხვერპლი. კენჭაძე წყალტუბოში დააკავეს და ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ისიც იყო ერთ-ერთი გატაცებული და ადვოკატი გეგმავს, რომ ამ მხრივ მოაგროვოს მტკიცებულებები.

გათავისუფლებულების ადვოკატი, ინგა შარაშენიძე, ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა მისი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლება, რადგან მისი თქმით, ისინი უდანაშაულოები არიან.

„ისინი იყვნენ უდანაშაულოები, საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონიათ არავისთან და არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ დანაშაულის ჩადენაში. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, მათი გათავისუფლება და როგორც ჩემთვის ცნობილია, შვიდ პირს წარუდგინეს ბრალი, მძევლად ხელში ჩაგდება თანხის მიღების სანაცვლოდ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, 2 დღის წინ, აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, გიორგი დეკანოიძე, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით 3 მილიონი ლარი მოითხოვეს.

დღის ამბები