20 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეს, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, 10 ათასი გადაუხადეს - ახალი სკანდალური ჩანაწერი

კურიერმა მირზა სუბელიანის საუბრის ახალი ფარული ჩანაწერი მოიპოვა - გლდანის ციხის სკანდალური აუდიომასალით დგინდება, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმე მენაბდისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ქუჩის და ეკლესიის ავტორიტეტებს იყენებდა.

კურიერის მიერ მოპოვებულ სამსაათიანი ჩანაწერიდან ერთ-ერთი სკანდალური ნაწილი მოწმეების მოსყიდვას ეხება.

დეკანოზ შიო მენაბდის შვილის ჩვენების შეცვლა 10 ათასად შეფასდა. სუბელიანის მარჯვენა ხელი - დავით ცუხიშვილი, ჩანაწერში ყვება, რომ ფული ეკლესიის შესაწირ ყუთში ჩააგდო.

ცუხიშვილი - მოკლედ, ჩავაგდეთ დესიტ ტისიჩი ეკლესიაში, შესაწირში და ჩვენება შეიცვალა.

მირზა სუბელიანი - მამაოს შვილზეა ლაპარაკი.

ცუხიშვილი - ჰო, მამაოს შვილს ჩავუგდეთ დესიტ ტისიჩი. ბიძა მაგის, ბრალდებულის ბიძა ამერიკაშია, მილიონერია. ჩვენ, მთელი მამაოები, რა ვიცი, თუ ვინმე მამაო ავტორიტეტი იყო და ქუჩის ბიჭები და ყველა, ამან დაუბრუნა ეს ათი ათასი და თავის შვილს ჩვენება არ შეაცვლევინა. ათი ათასი ჩაუგდეს, რომ ჩვენება შეეცვალა.

კურიერი ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს ყვებოდა, რომ დეკანოზ მენაბდის შვილმა წინასწარ და სასამართლო გამოძიებაში მიცემული ჩვენება დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეცვალა.

გლდანის ციხის ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მოზარდებს შორის ახალი დაპირისპირების საფრთხე არსებობდა. მირზა სუბელიანის თავად ყვება, როგორ დაადეს პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს დანა.

მირზა სუბელიანი - პირველ სკოლაში აბაროტის მისაცემად რომ წავიდა, გასვიანის ბავშვი რო დაითრია, პროკურატურას ვის მივწერე...

ცუხიშვილი - მაშინ მისწერე შენ...

მირზა სუბელიანი - ერთ ჩემს მეგობრის შვილს დაადეს დანა. ამათმა ძმაკაცმა, დაღუპულების.

ცუხიშვილი - აა, ჯერ კიდევ შაყულაშვილი იყო, ერთი კი არა, 7-8 ბიჭი მივწერეთ შაყულაშვილს, ვინც აბაროტზე დადიოდა.

თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის, მიმართ მირზა სუბელიანს გაცილებით მძიმე ბრალდებები აქვს.

რუსთავი2-ის მოპოვებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაში შაყულაშვილიც მონაწილეობდა. რამდენიმესაათიანი აუდიოფაილების გაშიფვრით დგინდება, რომ ხორავას საქმის გახსნის სქემა ასეთი იყო - პროკურატურა და შინაგან საქმეტა სამინისტრო აკეთებდნენ იმას, რასაც მირზა სუბელიანი იტყოდა, მასთან თანხმდებოდა მოწმეთა ჩვენებებიც.

ჩანაწერით ირკვევა, რომ მითითებები, რომელსაც პროკურატურას მირზა სუბელიანი აძლევდა, პარალელურად მის ტელეფონში არქივდებოდა. მასალები ისეთი სკანდალურია, რომ შესაძლოა, თბილისი ყოფილი პროკურორის დაკავების საფუძველი გახდეს. მტკიცებულებები სუბელიანს საზღვარგარეთ ექსპერტიზაზე აქვს გატანილი.

სუბელიანი - დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი, რაა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.

ვიქტორ ჯაფარიძე - შენი და შაყულაშვილი?

მირზა სუბელიანი - აბა, რა!

ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები?

მირზა სუბელიანი - ყველაფერი, ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი?

მირზა სუბელიანი - აბა, რაა. მიშა რო...

ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა...

მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

შაყულაშვილის მიმართ უცენზურო სიტყვებს სუბელიანი ამ ჩანაწერში არაერთხელ იყენებს. პატიმარი არ მალავს, რომ გაბრაზებულია და რამდენიმესაათიანი საუბრისას არაერთხელ აფიქსირებს, რომ თბილისის ყოფილ პროკურორს, მისი საქციელის გამო ,პასუხს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოსთხოვს.

ყოფილ კოლეგებს და კარგ მეგობრებს შორის ურთიერთობა სუბელიანის დაკავების შემდეგ დაიძაბა. მას შემდეგ, რაც ორივე მათგანი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა. გაირკვა, რომ დეპუტატების დასმულ ერთი და იგივე შეკითხვებს სუბელიანმა და შაყულაშვილმა რადიკალურად განსხვავებულად უპასუხეს. შაყულაშვილმა სუბელიანი ტყუილში საჯაროდ ამხილა.

კურიერმა მოიპოვა არა მხოლოდ ციხის საკნის ჩანაწერები, არამედ სატელეფონო საუბრებიც, რომელიც პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს ციხიდან ქართული ოცების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ჰქონდა.

ამ ლაპარაკიდან ცნობილი ხდება, რომ შაყულაშვილის ჩვენების შინაარსი სუბელიანთან წინასწარ შეთანხმებული არ იყო.

რატომ გაწირა თბილისის ყოფილმა პროკურორმა მეგობარი სუბელიანი, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ამ საკითხით დეპუტატი ჯაფარიძე არაერთხელ დაინტერესდა.

ვიქტორ ჯაფარიძე - ამიხსენი, დედას გაფიცებ, შაყულაშვილმა რატომ ქნა ეს? შეეშინდა ვითომ?

ცუხიშვილი - თემა არი ერთი, რაა, ვიღაცა ხო წავიდა დათმობაზე. არავინ არ წავიდა დათმობაზე. როგორც პროკურორმა, პროცესუალურად თავის თავი გადაირჩინა.

ვიქტორ ჯაფარიძე - სამომავლოდ გააკეთა...

ცუხიშვილი - იცი, რაა, 5 წლის მერე რომ ამოვარდეს, რომ მე ამასთან კომუნიკაცია მქონდა, მე პროცესუალურად დამიჭერენ. თავი დაიზღვია, საკუთარი ტ..ის გადასარჩენად გააკეთეს ეს.

მირზა სუბელიანი - ყველას ..-ზე კიდია საერთოდ, გაბოძემ რა გააკეთა, უარესი არ გააკეთა?

ცუხიშვილი - რა შეიცვალა. რაც მაგან გააკეთა, რომ ამბობდა, მირზამაც თქვასო, შაყულაშვილს თავმოყვარეობა... თავი მოიჭრა. კაცი მეუბნება, აღშფოთებული მოვიდაო, ვეუბნები, სირცხვილი არ არის?

მირზა სუბელიანი - ჯერ სად მიშვებ, რატომ მიშვებ, ხო ხვდები, როგორი მომენტია. მე არ მაქვს პრეტენზია, არც ირაკლისთან, არც მამუკა ვასაძესთან... გაბიტაშვილთან მაქვს შეკითხვები, თუ შაყულაშივლი და გაბოძეს თავისთავად ეგეთი თემაა. ჰოდა, რომ ვნახე 6 თვე ეს ყ..ბი იყო და... ეს პროკურორები დიდის ამბით მხვდებოდნენ, ეხლა მე დებილი ვიყავი და ჩამწერის გარეშე მივსულიყავი?

ცუხიშვილი - შაყულაშვილი ვაჟკაცურად მოიქცაო...

მირზა სუბელიანი - ირაკლისგან გამომდინარე მოიქცა კაცურად. მანდაც ეგეთი რაღაცა ხდებოდა. შაყულა და გაბიტა შეიკრნენ ირაკლის წინააღმდეგ. მე გეუბნები, ეგ 100 პროცენტია, რაა, გამორიცხული თემაა, მე ირაკლის რეაქციით ვხვდებოდი, რა ხდებოდა. იმან კიდევ, გახარიამ ვერ გაიგო, მე ირაკლი არა ვარო, რომ მითხრა, მაგას ეგონა შოთაძე. მე ირაკლი შოთაძე არ მყავდა მხედველობაში.

ამავე ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ მირზა სუბელიანს კომპრომატი არა მხოლოდ შაყულაშვილზე აქვს.

მირზა სუბელიანი - მერაბ ფხაკაძის რამდენტომიანი მიმოწერა გვაქვს, რამდენი იქნება?

ცუხიშვილი - დაახლოებით, ერთი 200 მესიჯამდე.

მირზა სუბელიანი - ვინ ითხოვდა დახმარებას?

ცუხიშვილი - დახმარებას ეგენი ითხოვდნენ.

მირზა სუბელიანი - რომ მინდოდეს, ახლა ეგენი საქმის კურსში არ არიან, მე რა მაქვს.

ცუხიშვილი - მირზა, ჩემპიონი ხარო, რომ არ უღალატეო...

ჩანაწერების მიხედით, მირზა სუბელიანი ციხის საკნიდან მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩართულ სხვა პირებსაც ემუქრება, მაგრამ ამ შემთხვევაში არა კომპრომატებით, არამედ ლიკვიდაციით.

ამ შემთხვეაში საუბარია პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსან გოჩა კასრაძეზე, რომელმაც, სუბელიანის მტკიცებით, მისი ოჯახის წევრები გაიტაცა და მშობლის თვალწინ სცემა. ამავე ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ კასრაძის სისტემიდან გაშვება სუბელიანის ხელისუფლებასთან გარიგების ერთ-ერთი პირობა იყო.

მირზა სუბელიანი უკმაყოფილო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ქმედებითაც. აუდიომასალაში ის არაერთხელ უთითებს, რომ საქმე მან გახსნა, თუმცა, მის დამსახურებებს სათანადოდ არ აფასებენ.

ჩანაწერის მიხედვით სუბელიანი დარწმუნებულია, რომ მისთვის მიცემული პირობები უკვე დარღვეულია.

ამ აუდიომასალის კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთი მერაბ მორჩაძესთან სუბელიანის ურთიერთობას უკავშირდება. ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ ერთი და იგივე საქმეზე ბრალდებული სუბელიანი და მორჩაძე გარკვეული პერიოდი ერთ საკანში ჰყავდათ მოთავსებული.

 

დღის ამბები