25 აპრილი 2024,   05:56
ვრცლად
ელიტური კორუფცია და რეპრესიები საქართველოში - აშშ-ის გავლენიანი ანალიტიკოსები ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას აფასებენ

რეპრესიებისა და დევნის გამო ქვეყნის ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ, საქართველო დატოვა და ამერიკაში წავიდა. საქართველოდან წამოსვლის მიზეზი ყოფილ გენერალურ პროკურორთან დაპირისპირება და მასზე ფარცხალაძის თავდასხმა გახდა.

თორდია ამერიკის დატოვებას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ საქართველოში მისი დაბრუნება ფიზიკური ანგარიშსწორების რისკთან არის დაკავშირებული.

თორდიას თქმით, ყოფილ გენერალურ პროკურორთან დაპირისპირება აუდიტის სამსახურის მიერ დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სამსახურის შემოწმების დროს დაიწყო. აუდიტმა აღმოაჩინა, რომ ფარცხალაძის კომპანიის სასარგებლოდ ქონების მართვის სამსახურს საეჭვო გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, რაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა გავლენიან პირს და მის უწყებას.

თორდიას საქმის ისტორია არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამერიკულ მხარეს მიაწოდეს. ამასთან ერთად, აუხსნეს ვითარება საქართველოს მთავრობის მიერ პასუხგაუცემელ კითხვებზე ელიტურ კორუფციასთან, არაფორმალურ მმართველობასა და გავლენებთან დაკავშირებით.

შეერთებულ შტატებში აქამდეც იყო ცნობილი არაერთი პრობლემის შესახებ, თუმცა, უკვე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი იმ საფრთხეებზე, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის უპატივცემულობამ და კორუფციამ შეიძლება, გამოიწვიოს.

ვაშინგტონში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა აგვისტოს ომის შესახებ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები. სალომე ზურაბიშვილის მიერ არაერთხელ საჯაროდ ნათქვამმა და მხოლოდ საზოგადოების უმწვავესი რეაქციის შემდეგ ნათქვამის გამოსწორებამ, ამერიკული მხარე გაკვირვებული დატოვა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ზურაბიშვილის განცხადებებში დიდ საფრთხეს ხედავს.

ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის მოგვარების რეცეპტი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა წლების წინ მოამზადა. რადიო თავისუფლებისთვის 2009 წლის ოქტომბერში გაგზავნილ მოსაზრებაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ცხინვალზე თავდასხმისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს".

2018 წლამდე ამ განცხადებებს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებები ერქვა. უმაღლეს დონეზე პოლიტიკური მხარდაჭერის შემდეგ კი ამ პოზიციის სამართალმემკვიდრე უკვე საქართველოს ხელისუფლება ხდება.

დღის ამბები