14 ნოემბერი 2018,   01:22
ვრცლად
„მოთმინების საზღვარი უკვე ამოწურულია... ამოვიდა ყელში თქვენი „ქურდული ოცნება“ -გრიგოლ ვაშაძე

„როგორც კი ეროვნული, პროდასავლური და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში გაორმაგებულად გავაგრძელებთ აჭარის ერთ-ერთ ევროპულ რეგიონად გადაქცევას“-ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ აჭარის განვითარება შეეფერხებინა. მან მაგალითისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიყვანა, რომელიც მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაანაწევრა და ბინებად გაყიდა. გრიგოლ ვაშაძემ პირობა დადო, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაბრუნდება ბათუმში.

გრიგოლ ვაშაძემ ფართომასშტაბიანი შეთქმულება უწოდა იმ ჩანაწერებს, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს და განაცხადა, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება კიდევ ბედავს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შემოხაზონ 48 ნომერი.

„რისთვის უნდა შემოვხაზოთ კიდევ 48-ჯერ რომ ამოვაღებინოთ ჯიბიდან ფული? და 48 კი არა 48 ათას კრიმინალს, რომ თავზე დავასვათ საფრანგეთიდან ჩამოტანილი მატრიოშკა იმისთვის რომ დემოკრატიული ფასადი შევუნარჩუნოთ? არასოდეს ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ქართველი მოთმინების  საზღვარი უკვე ამოწურულია. ამოვიდა ყელში თქვენი ქურდული ოცნება. თქვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეთ ჩვენ სუყველას,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ მთავარ მძარცველებად ლომბარდები და მევახშეები მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ ბანკები ძარცვავენ ხალხს და ხალხი გარბის ქვეყნიდან. 

მისი თქმით ეს არჩევნები გაერთიანებულ ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მოგებული აქვს. 

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებით გაერთიანებულ ოპოზიციას ეს არჩევნები მოგებული აქვს უკვე დღეს,“-განაცადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით "ქართული ოცნება" ავრცელებს ხმას თითქოს გაერთიანებული ოპოზიცია რევანშს და რევოლუციას ამზადებს. მისი თქმით მსგავსი არაფერი ხდება და ეს აბსურდული ბრალდებაა. 

მისვე თქმით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიგრაციის საკითხები იქნება განხილული რათა შეწყდეს ქვეყანაში გაურკვეველი ხალხის შემოდინება.

დღის ამბები