20 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
მწვანე პოლიტიკა - პრემიერის განცხადებით, 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება

საქართველოს მთავრობის გეგმით, 10 წელიწადში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მწვანე პოლიტიკისა და მწვანე ეკონომიკის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მწვანე პოლიტიკის განსახორციელებლად აუცილებელია ქვეყანაში ახალი ელექტრომობილების შემოყვანა. პრემიერის თქმით, ელექტრომობილების მფლობელთათვის გარკვეული შეღავათები დაწესდება, მაგალითად, მათთვის პარკირება უფასო იქნება.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ გეგმის განხორციელდება საქართველოს დიდ უპირატესობას მოუტანს, ასევე გაიზრდება ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა.

„მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოში იგეგმება ელექტრომობილების წარმოებაც, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ცნობილ ბრენდებთან დაწყებულია.  მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში ელექტრომობილების შესაძენად სალიზინგო სქემა შემუშავდება, რომლის საშუალებითაც მოქალაქე შეძლებს ელექტრომობილი 5 წელიწადში შეიძინოს.

„ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტიურად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტიურად დამატებითი ხარჯების გარეშე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა რკინიგზისა და მეტროსადგურების განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების იგეგმება. მამუკა ბახტაძის თქმით, თბილისში იგეგმება ახალი მეტროსადგურის მშენებლობა სამგორი-ლილოს მიმართულებით.

მისივე განცხადებით, ეს პროექტი თბილისის გარდა ქალაქ რუსთავის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

დღის ამბები