23 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
უხერხულობას ევროსაბჭოში 2008 წელს მიღებული რეზოლუცია ქმნის, რომელსაც დავით ბაქრაძემ მოაწერა ხელი - ჩუგოშვილი ოპოზიციას პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად წარადგინა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე მეტ უხერხულობას ევროსაბჭოში 2008 წელს მიღებული რეზოლუცია ქმნის, რომელსაც დავით ბაქრაძემ მოაწერა ხელი.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, ქართულ მხარეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ყველა საჭირო მტკიცებულება აქვს წარდგენილი და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს.

„ყველაზე მეტად, რაც ჩვენ გვაზიანებს და ყველაზე პრობლემური ჩვენთვის რაც არის, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩანაწერი, რომელსაც მხარი დაუჭირა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და პირადად დავით ბაქრაძემაც, როგორც დელეგაციის წევრმა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის ყველაზე არა სახარბიელო ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, მე მგონი, პირველ რიგში ეს გაიხსენონ ჯობია, რაც შეეხება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს, რომელიც არის ამ ეტაპზე მთავარი სასამართლო რომელიც იძიებს ომთან დაკავშირებულ მოვლენებს, ამ სასამართლოში საქართველოს აქვს წარდგენილი ყველა მტკიცებულება მაღალი ხარისხით, რაც საჭიროა და აქ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად არის წარდგენილი.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები ოკუპანტს გამოყენებული აქვს იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები