19 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
"ყველა ქვეყანა ფხიზლად უნდა იყოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ რუსეთის ჩარევის მცდელობას წინ აღუდგეს“ -  ფრენსის ფუკუიამა საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს

„ვინც არ დადის ხმის მისაცემად იღებს ისეთ მთავრობას, როგორსაც იმსახურებს,“-აცხადებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსის ფუკუიამა.

ფუკუიამა, რომელიც  თბილისში სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრება აცხადებს, რომ საქართველომ და ქართველმა ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არ დაუშვას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა.

„ზოგადად გეტყვით, რომ არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საფუძველი. ასევე მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა მონაწილეობა. ვინც არ დადის ხმის მისაცემად იღებს ისეთ მთავრობას, როგორსაც იმსახურებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველებს, რომ ასე ნუ მოიქცევიან.

რუსეთმა ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა ბევრ სახელმწიფოში, ჩემი ქვეყნის შეერთებული შტატების ჩათვლით. შესაძლოა ამით დაეხმარნენ დონალდ ტრამპს, რომ აერჩიათ. იგივე გააკეთეს ევროპაში, ამ რეგიონის სამეზობლოში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში.

ამიტომ ყველა ქვეყანა ფხიზლად უნდა იყოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ რუსეთის ჩარევის მცდელობას წინ აღუდგეს,“-ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსის ფუკუიამა.

ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები თბილისში სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებიან.

საერთაშორისო ღონისძიებებს თბილისში ტრადიციულად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ საუბრის მთავარი თემა ავტოკრატიისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. 

„იმაზეც იქნება საუბარი, რომ ჩვენისთანა ქვეყნებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მოხდეს დემოკრატიული ძალების და ღირებულებით ნაწილში ადამიანებისა და ინსტიტუტების გაერთიანება, რომელთათვისაც კანონის უზენაესობა,. კორუფციის წინააღმდეგ, ავტოკრატიისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ  ბრძოლა უმთავრესი ამოცანა იქნება, იმიტომ რომ სხვა შანსი ამ ქვეყნას რომ იყოს განვითარებული ევროატლანტიკური ოჯახის წევრი ნამდვილად არ აქვს“-ამბობს ევგენიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები