25 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერები - საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ გახარია და თადუმაძე არჩევნების შემდეგ პარლამენტში დაიბარონ

„არჩევნების შემდეგ, არა საარჩევნო მიზნებისთვის დადგმული სპექტაკლებიდან, არამედ რეალობიდან გამომდინარე, უნდა დაისვას ყველა, მათ შორის, უკიდურესად კრიტიკული კითხვა,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც პარლამენტში შს მინისტრის და მთავარი პროკურორის დაბარებას ეხება.

„ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ გიორგი გახარია და შალვა თადუმაძე საკანონმდებლო ორგანოში მართლაც დაიბარონ, თუმცა მხოლოდ არჩევნების შემდეგ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერებიდან გამომდინარე, საზოგადოება დაბნეულია.

„არჩევნების შემდეგ, არა საარჩევნო მიზნებისთვის დადგმული სპექტაკლებიდან, არამედ რეალობიდან გამომდინარე, უნდა დაისვას ყველა, მათ შორის, უკიდურესად კრიტიკული კითხვა და თუ კი ერთი პროცენტი მაინც, ამ ჩანაწერებში, ამ სპექტაკლებში, რასაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ენმ გვთავაზობს არის, ამ შემთხვევაში ყველა მათგანზე ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს, თუნდაც იყოს ფარცხალაძე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარული ჩანაწერების გაკეთების და გავრცელების გამოძიების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.

„მიმაჩნია, რომ საჭირო არის საგამოძიებო ორგანოებმა ობიექტურად, სრულყოფილად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე იმუშაონ. რაც შეეხება, შინაარს, არ შევალ, დარჩა კიდევ რამდენიმე დღე, მოთმინება უნდა ვიქონიოთ ყველამ და ამ ფარული ჩანაწერების და ფარული ჩანაწერებით ომის მიღმა ვის რა პოლიტიკური განზრახვა, მიზანი და რეალობა ამოძრავებს, ეს ყველაფერი გაირკვევა ძალიან მალე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სკანდალური აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას და მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს. საქმე ეხება ბოლო დროს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, როგორც „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, ასევე გლდანის ციხეში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული, მირზა სუბელიანის საკანშია ჩაწერილი.

დღის ამბები