17 ნოემბერი 2018,   05:28
ვრცლად
ჩვენი სახელმწიფო დღეს არ არის ჯანსაღი - მესამე სექტორი და საზოგადოების წარმომადგენლები მაღალჩინოსნების ქონების შესახებ საუბრობენ 

ხელისუფლების მაღალჩინოსნების ძვირადღირებული სახლების შესახებ გადაცემა "არჩევანში" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების მენეჯერმა ისაუბრა. ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ ჟურნალისტების ინტერესი თანამდებობის პირის ქონებისა და სიმდიდრის მიმართ, ბუნებრივია და ეს უფრო მეტიც, აუცილებელიც არის.

ურუშაძე აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს სანდო ორგანო, რომელიც მსგავს საკითხსა და კორუფციის ნიშნებს გამოიძიებს.

„ჩვენ გვჭირდება რაღაც ნეიტრალური საგამოძიებო ორგანო, რომლის მიმართ ჩვენ ყველას გვექნება ნდობა და გვექნება რწმენა იმის, რომ ეს ოფიციალური ინსტიტუტი, რომელსაც წვდომა აქვს ყველა სათანადო ინფორმაციაზე, ეს შესაბამისი ინსტიტუტი ამას შეისწავლის, გამოიძიებს და მისი დასკვნის მიმართ ჩვენ ყველას გვექნება ნდობა,“ - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.

"არჩევანის" ეთერში ძვირადღირებული სახლების შესახებ განცხადება გააკეთა არასამთავრობო სექტორის წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ. საინფორმაციო პორტალის „Europe for Georgia ევროპა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ არ ახსენდება არც ერთი მაგალითი, რომ რომელიმე მაღალჩინოსნის თაობაზე აღძრული ყოფილიყო საქმე და ის ბოლომდე მისულიყო.

„ჩვენი სახელმწიფო დღეს არ არის ჯანსაღი, იმიტომ რომ არც ერთ ჩვენგანს, არ გვაქვს რწმენა და არც წარსულის გამოცდილებით განმტკიცებული გამოცდილება იმისა, რომ დავინახოთ, რომ რომელიმე კორუფციასთან დაკავშირებული ან საეჭვო საქმე მისულა ბოლომდე,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

„შეაჩერე კორუფციას“ წარმომადგენელი, ქეთევან ენუქიძე მაღალჩინოსნების ძვირადღირებულ სახლებზე საუბრობს და მათ შორის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის აპარტამენტსაც ახსენებს. 

„აქ ლაპარაკი ჩნდება უკვე იმ პერიოდზე, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და მანამდე აქ ქონების მსგავსი ქონებაც არ ჰქონდათ. უცბად, როდესაც ასეთი უზარმაზარი სახლი, რომელიც არ ღირს ჩვენს ქვეყანაში იაფი, გარდა იმისა, რომ არის არა ეთიკური და ეს არ არის ერთი ადამიანი, ისინი ბევრნი არიან. როდესაც ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, პასუხისმგებელ პირებს და ამ გაღატაკებული ქვეყნის ფონზე, როდესაც უცბად ამხელა სახლების და ქონების პატრონები ხდებიან,“ - განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.

 

 

დღის ამბები