19 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
ინციდენტი გორის მერიასთან - სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფსიქიატრიულში ექსპერტიზაზე დაიბარეს

2 კვირის წინ გორის მერიასთან მომხდარი ინციდენტის მონაწილე დღეს ფსიქიატრიულში ექსპერტიზაზე დაიბარეს.

მოძრაობა რუსეთი ოკუპანტია 2 კვირის წინ გორში აქციას მართავდა, რა დროსაც მათთან მერიის მაღალჩინოსანი გამოვიდა და აქციის ერთერთ მონაწილეს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვა.

მაქარაშვილისთვის და მისი ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დაიბარეს ისინი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე.

„ზუსტად ვერ ვხვდები, რას უკავშირდებოდა, რა მიზანი ჰქონდა ამ ექსპერტიზას იმიტომ, რომ, თუ შეურაცხადი ვარ, მითუმეტს უფრო მძიმდება ბრალი იმ ადამიანის და, თუ არ ვარ, ესეც არაფერს არ ცვლის, ხო? თუ ეს ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული, რომ ვთქვათ, დაადგინონ, რამდენად მივიღე შეურაცხყოფა, ნეხვიანი ურნა რომ თავზე გემხობა, შეურაცხმყოფელია ერთმნიშვნელოვნად. ჩემი აზრით, ძალიან ცუდი ის არის, რომ უბრალოდ იწელება დრო,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

უფლებადამცველი რევაზ რევაზიშვილი საქმის გადაკვალიფიცრებას ითხოვს.

ამჟამად ძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, მაქარაშვილის ინტერესების დამცველი კი აცხადებს, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა დამამცირებელ მოპყრობას, რაც კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის კვალიფიკაციით, რაც გულისხმობს ძალადობას. თუმცა, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ კვალიფიკაციას. შეტანილი გვაქვს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში საჩივარი, სადაც ვითხოვთ გადაკვალიფიცერებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მესამე პრიმა მუხლზე, რაც გულისხმობს დამამცირებელ მოპყრობას, რამაც ადამიანის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს ჩვენ სახეზე და შეკრებისათვის ხელის შეშლის მუხლი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით,“ - განაცხადა ადვოკატმა რევაზ რევაზიშვილმა.

დღის ამბები