14 ნოემბერი 2018,   01:18
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება - გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერმა სკეტჩით უპასუხა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, მათი მტკიცებით, იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩეველზე ზეწოლა ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად.

ჩანაწერში, რომელიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა გაასაჯაროვეს, ზარის ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს ესაუბრება. საჯარო სამსახურის წარმომადგენლებთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის სახელით რეკავენ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამოწმებენ.

სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს პირდაპირ ჰკითხეს, მიიღეს თუ არა დავალება, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცენ და არა მხოლოდ საჯარო მოხელეებმა, არამედ მათი ოჯახის წევრებმაც.

გაერთიანებულ ოპოზიციაში სატელეფონო ჩანაწერებთან ერთად დღეს ის სიაც გამოაქვეყნეს, რომლითაც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი ხელმძღვანელობს.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები ზეწოლაში თბილისის მერს ადანაშაულებენ და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერი იუმორისტული გადაწყვეტილებით უპასუხა. კახა კალაძის ერთგვარი სკეჩის მიზანი კი იმის ჩვენება იყო, რომ საჯარო მოხელეებზე ნაციონალური მოძრაობა ძალადობს.

ზეწოლას თანამშრომლებზე უარყოფს სატრანსპორტო კომპანია.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში გამოქვეყნებულ ჩანაწერებს კომპანიამ სპეციალური განცხადებით უპასუხა და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ თანამშრომლებზე ზეწოლა კატეგორიულად უარყო.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერებზე ცენტრალური საარჩევნო კომისია კომენტარს არ აკეთებს. უცნობია, დაინტერესდება თუ არა თამარ ჟვანიას უწყება საჯარო მოხელეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებით და დაიწყება თუ არა მოკვლევა სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების საქმეზე.

დღის ამბები