24 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილი კვლავ ებრძვის „რუსთავი 2-ს“... არქიფო სეთურის გამონათქვამი" - ოპოზიცია ყოფილ პრემიერს მწვავედ აკრიტიკებს

„რუსთავი 2"-ის მისამართით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ყოფილი პრემიერი გუშინდელ ინტერვიუში დამოუკიდებელ ტელეკომპანიას პირდაპირ დაემუქრა. ოპოზიციის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ღიად უპირისპირდება თავისუფალ მედიას.

„ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, რომ ქვეყანა წინ არ მიდის და ამხელა გაჭირვებაა, „რუსთავი 2"-ს აბრალებს ყველაფერს. ეს არის გაუგონარი აბსურდი. ის პირდაპირ ილაშქრებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მარტო „რუსთავი 2“-ზე არა, TV პირველთან მიმართებაში დააკვირდით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის აზრით, ივანიშვილმა თავისი გამონათქვამებით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, როდესაც მან აღნიშნა, რომ თუ „რუსთავი 2“ გაითიშება, ყველა ნახავს ქვეყანაში აღმავლობას.

„ერთი სასარგებლო გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, თუ რამხელა ღირებულება აქვს თავისუფალ სიტყვას. რამდენად ეშინია ავტორიტარულ მმართველს, ოლიგარქს თავისუფალი სიტყვის, ამიტომ ის ძალიან ემტერება მას. მან საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა გუშინ ხალხს, როცა უთხრა ყველას, რომ თუ გაითიშება „რუსთავი 2“, ყველა იგრძნობს აღმავლობას ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური გასაჭირია ქვეყანაში. ეს არის ტიპური არქიფო სეთურის გამონათქვამი და მიხარია, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ გვაჩვენა, რომ ის ბოლო წრეზეა. ჩამოიხსნა ნიღაბი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მომდევნო სამიზნე ისევ „რუსთავი 2“ იქნება.

„ის ებრძვის კვლავ „რუსთავი 2-ს“ და მომდევნო სამიზნე იქნება „რუსთავი 2.“ მაგრამ სანამ მომდევნო სამიზნე გააქტიურდება, მანამდე მაცალეთ, მომეცით ხმა, დაუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს და ერთ წელიწადში განახებთ იმას, რომ განვითრების შემაფერხებელი „რუსთავი 2“ აღარ იქნება. წინასაარჩევნო პირობა დადო, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეთ მხარი და გაძლევთ გარანტიას, რომ „რუსთავი 2“ აღარ შეგაწუხებთ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივნის, ნინო გოგუაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავრი მიზანია, რომ გააჩუმოს „რუსთავი 2“ და ის სამაუწყებლო კომპანიას პირდაპირ დაემუქრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თავისუფლების მოყვარული ადამიანის ვალია, რომ ეს ხელისუფლება, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაისტუმროს ხელისუფლებიდან და დაიცვას სიტყვის თავისუფლება და „რუსთავი 2“ საქართველოში, როგორც ამ სიტყვის თავისუფლების გარანტი,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს აფასებს, როგორც "საშიშ სტადიაში შესულ ხელისუფალს." ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ყოფილ პრემიერს დაკარგული აქვს რეალობის აღქმა.

„გვაიძულებს და ითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენც იგივე ვარდისფერი სათვალით დავინახოთ ის შავი რეალობა, რომელიც არის. ამის ახსნა მოძებნა იმაში, რომ აი, „რუსთავი 2“ აშავებს ყველაფერს, თორემ ისე ყველაფერი არის გენიალურად, გადასარევად. მგონია, რომ ვერავითარი გეგმა მას ვერ ექნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ვინც არ უნდა ჰყავდეს პიარში და რაც არ უნდა ჩაიფიქროს, მეეჭვება, რომ ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაახტეს,“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი "რუსთავი 2" ერთ ინტერვიუში 65-ჯერ გახდა. ყოფილმა პრემიერმა კრიტიკული ტელეკომანიის სარედაქციო პოლიტიკის განეიტრალების კონკრეტული სქემაც დაასახელა და "რუსთავი 2"-ზე ზეგავლენის მოსახდენად სპეციალური პიარჯგუფების შექმნა დააანონსა. ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულ ვადა დაასახელა, ყოფილი პრემიერის თქმით, ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები