19 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
ზურაბიშვილის დადებითი როლი რუსეთთან ურთიერთობაში - მმართველ გუნდს კალაძის განცხადების განმარტება მოუწია 

სალომე ზურაბიშვილი იქნება სამაგალითო პრეზიდენტი, რომელიც წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაში და დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში - ამ სიტყვებით მიმართა დღეს სპორტის სასახლეში შეკრებილებს პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძეს არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა, თუმცა როგორ აპირებს ურთიერთობის დალაგებას ოკუპანტთან მართველი პარტია, განმარტებები პარტიის სხვა ლიდერებმა გააკეთეს.

კითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ პარტიას გეგმაში, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს პირისპირ მოლაპარაკებები ოკუპანტ ქვეყანასთან - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კახა კალაძის სიტყვების ინტერპრეტირება მოხდა.  

გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდება. 

„მოლაპარაკებები საკმაოდ შეზღუდულ ფორმატში გაგვაჩნია რუსეთის მხარესთან და ვფიქრობ, რომ რაღაც საფუძველი სამომავლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა შევქმნათ, რათა საქართველოს ავაცილოთ გართულებები. რა სტრატეგიულ გეგმას წარმოვადგენთ ეს არ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის პრეროგატივა. ეს მთავრობის, ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა. და მე ვფიქრობ თუ კი ოდესმე, სადმე მოლაპარაკებები გაიმართება სალომე ზურაბიშვილის რა საკვირველია არის ის ადამიანი, რომელმაც კარგი შედეგები გვიჩვენა როდესაც რუსეთის ბაზები იყო საქართველოდან გაყვანილი,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, როდესაც პარტიის გენერალური მდივანი რუსეთთან ურთიერთობაში სალომე ზურაბიშვილის წვლილზე საუბრობდა, გულისხმობდა საქართველოს დეოკუპაციას.

მისი თქმით, სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს ხელისუფლება პარტნიორებთან ერთად.

„ძალიან სამწუხაროა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები, მისი საინფორმაციო საშუალებები ყოველთვის ეძებენ რაღაცა სკანდალურს თითოეული პოლიტიკოსის განცხადებაში. განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თუ არის ეს პოლიტიკოსი. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით  უნდა შევძლოთ, რომ ვიაროთ შედეგიანად იმ გზაზე რასაც ჰქვია საქართველოს დეოკუპაცია და არც ერთი დღე არ უნდა გავცდეთ , რომ ამ გზაზე სიარულის რომელიმე ნაბიჯი შევანელოთ.

"მოლაპარაკებებზე ნუ თარგმნით, ასეთი სიტყვები კახის არ უთქვამს. საუბარია იმაზე, რომ  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენ არ უნდა შევანელოთ სვლა დეოკუპაციის გზაზე და უნდა მივმართოთ ყველა ძალისხმევა რომ საქართველო იყოს მთლიანი და ამ გზაზე არც ერთი ნაბიჯი უკან რა გადავდგათ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები