19 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო სკანდალის პირისპირ - არსებული ინფორმაციით, "ოცნება" აშშ-ის ელჩის კანდიდატურის დაბლოკვას ცდილობს 

ოფიციალური თბილისი კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალის პირისპირ დგას - ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უკვე 6 თვეა, საქართველოში ელჩი არ ჰყავს და ირკვევა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია იყოს.

„კურიერს“ 4 დამოუკიდებელი კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ ელჩის კანდიდატურად ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკსი განიხილებოდა, თუმცა ის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე არავინ დაუწუნებია. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევაში საქართველო არ ერევა.

„ევროპული საქართველოში“ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ბერკეტი აშშ-ის მხრიდან შემოთავაზებული ელჩი დაბლოკოს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამერიკულმა მხარემ შიდა დისკუსია გამართა, ვინ აწყობს ელჩად საქართველოში, სადაც ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობაა.

იან კელიმ საქართველო მარტში დატოვა და მას შემდეგ ქვეყანა ახალ ელჩს ელის. „ენმ“-ის წევრს, სალომე სამადაშვილს კითხვებს უჩენს ფაქტი, რომ ამ დრომდე საქართველოში ახალი ელჩი დანიშნული არ არის.

"კურიერის" კონფიდენციალური წყაროები იმასაც უყვებიან, რომ ბრიჯიტ ბრინკი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს რეგიონს და საქართველოს, "ქართულმა ოცნებამ", სავარაუდოდ, იმ მიზეზით დაიწუნა, რომ თითქოს ქვეყანაში ელჩად არა კარიერული დიპლომატის, არამედ ტრამპის გარემოცვის წევრის ხილვა სურდა.

აშშ-ის ელჩის თანამდებობა ბოლო 6 თვეზე მეტია ვაკანტურია.

დღის ამბები