19 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
კანდიდატების რეიტინგები არჩევნებამდე 3 დღით ადრე - კვლევის მიხედვით გრიგოლ ვაშაძე უპირობო ლიდერია

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე Edison Research-მა ბოლო კვლევა გამოაქვეყნა. ამერიკულმა კომპანიამ, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლევა პირისპირ მეთოდით, 15-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 2001 ადამიანი გამოკითხა.

შედეგების მიხედვით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკურ რეიტინგებში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

გრიგოლ ვაშაძის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია კვლევის იმ ნაწილში, რომლითაც გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კანდიდატების მიმართ ამომრჩევლის განწყობა ასახა.

კითხვა ასეთი ფორმულირებით დაისვა, თქვენი დამოკიდებულება მოცემული კანდიდატების მიმართ არის ძალიან დადებითი, მეტ-ნაკლებად დადებითი, მეტ-ნაკლებად უარყოფითი, თუ ძალიან უარყოფითი.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ამბობს, რომ კვლევის შედეგები, ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის ეიფორიის მიზეზი არ უნდა გახდეს და ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს უნდა იაქტიუროს.

კვლევის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, სავარაუდოდ, გამარჯვებული ვერ გამოვლინდება; გამოკითხულთა 37 პროცენტის აზრით, მეორე ტური გარდაუვალია, 36 პროცენტი კი მეორე ტურს არ ელოდება.

არჩევნების მეორე ტურს ელოდება Edison Research-ის წარმომადგენელი, ნინო ჯაფარიძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, შეერთებულ შტატებში ყველაზე ცნობილ კომპანიებში კვლევებს ატარებს.

მეორე ტურის მოლოდინი აქვთ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის თანაგუნდელებსაც.  

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ვრცელი კითხვარის ერთადერთ გრაფაში ლიდერობს. ეს ამომრჩევლის ნეგატიური განწყობის მაჩვენებელია. შეკითხვაზე, რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხევაში, პირველ ადგილს „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატი იკავებს:

სახელისუფლებო გუნდი შეერთებულ შტატებში ყველაზე ცნობილ და გავლენიან კვლევით ორგანიზაციას უნდობლობას უცხადებს.

არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს. 

25 ოქტომბერი ბოლო დღეა, როცა პარტიებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება შეეძლოთ. კვლევის შედეგები „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ გამოაქვეყნეს, თუმცა ამ მონაცემებს „რუსთავი 2“ არ აშუქებს, რადგან ორივე პოლიტიკური პარტიების დაკვეთით ჩატარდა.

Edison Research-ის კვლევა კი პარტიასთან აფილირებული არ არის. ამერიკულმა კომპანიამ ის „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით შეასრულა. 

დღის ამბები