25 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
ცრუ განგაში - ქუთაისი-ვარშავის რეისზე თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მგზავრის სიდედრისგან შევიდა

Wizz Air-ის თვითმფრინავში, რომელიც ქუთაისი-ვარშავის რეისს ასრულებდა, ბომბი არ აღმოჩნდა. „კურიერის“ ინფორმაციით, ბომბის არსებობის შესახებ ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა.  ერთ-ერთი ვერსიით, მისი სიძე მეგობართან ერთად გაფრინდა, რასაც ოჯახში დაპირისპირება მოჰყვა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი სიდედრმა დარეკა და ცნობათა ბიუროს განუცხადა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლე არ აღმოჩნდა.

Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისი-ვარშავის რეისს ასრულებდა, ბორტზე არსებული ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების შემდეგ რუმინეთის დედაქალაქში დასვეს. საგანგაშო ინფორმაციამ თვითმფრინავში პანიკა გამოიწვია, ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა ჯერ კიდევ ლაინერის ჰაერში ყოფნის დროს დაიწყო.

ლაინერს ბუქარესტის აეროპორტში ანტიტერორისტული სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმი, მეხანძრეები და მედიკოსები ელოდებოდნენ. რამდენიმე წუთში მოხდა მგზავრების ევაკუაცია, რომლებსაც აეროპორტის შენობიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ თვითმფრინავს საფრთხე არ ემუქრებოდა და ბორტზე ბომბი არ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები