19 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
კარვის ან სხვა კონსტრუქციის გაშლის უფლებაში ხელშეშლა კანონიერ მოთხოვნად არ შეიძლება განვიხილოთ - სამოქალაქო სექტორი სარალიძის დაკავებაზე 

არასამთავრობო სექტორი ზაზა სარალიძის დაკავებისა და დაკავებამდე განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია. მესამე სექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა სცადა.

მათივე მოთხოვნაა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლების უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში.

„ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთეს მკაფიო განცხადებები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. მიუხედავად ამისა, როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს პარლამენტის წინ ინციდენტი სწორედ წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობისათვის პოლიციის წარმომადგენლების მიერ ხელშეშლას მოჰყვა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძის მხრიდან ძალადობა.

იმ ფონზე, როცა საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ დღემდე უგულებელყოფილია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ჩატარებისას ჩადენილ კანონდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებულთა მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამართვას, მიზანმიმართულად ხელს უშლიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, ნათელია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება ამ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღდგეს სამართლიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს ზაზა სარალიძის ფიზიკური ძალადობა პოლიციელზე, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც აღნიშნული ძალადობის მიზეზი გახდა და რომელიც შს სამინისტროს უკანონო, თვითნებურ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკას უკავშირდება შეკრების მონაწილეების მიმართ.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღისით და ღამით, განსაკუთრებით ცუდ ამინდში აქციის მონაწილეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ შეკრების ადგილზე ყოფნა, რაც სტრესის, ღირსების შელახვისა და დაუცველობის გრძნობას იწვევს.

მაშინ, როცა მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებში, კარვის ან სხვა კონსტრუქციის გაშლის უფლებაში ხელშეშლა კანონიერ მოთხოვნად არ შეიძლება განვიხილოთ. ამ დანაშაულის არსებითი ელემენტი სახეზე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ძალადობის წარმოშობის პროცესში, თავად პოლიციის უკანონო მოქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

დღის ამბები