19 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
ზაზა სარალიძე შესაძლოა, მოკლული შვილის წლისთავს ციხეში შეხვდეს - მას პოლიციელის მიმართ თავდასხმას ედავებიან

ზაზა სარალიძე შესაძლოა, მოკლული შვილის წლისთავს ციხეში შეხვდეს. ზაზა სარალიძე პარლამენტთან დღეს დააკავეს, მას სამართალდამცველები პოლიციელის მიმართ თავდასხმას ედავებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჩხუბის პროვოცირება პოლიციამ მოახდინა. სამართალდამცველები სარალიძეს და პარლამენტის წინ შეკრებილებს ძლიერი წვიმის მიუხედავად, კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ.

დაკავებული ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაკითხად გადაიყვანეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება პოლიციამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

დაკავებული სამინისტროს შენობიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირდაპირ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის შესახებ მან მცირე კომენტარი გააკეთა და დაპირისპირების პროვოცირებაში პოლიცია დაადანაშაულა.

ვითარება ინგოროყვას კლინიკაში დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. პირველად მაშინ, როდესაც დაკავებულის ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზაზა სარალიძის პალატაში შსს-ს ოპერატორი შევიდა, რასაც სარალიძის პროტესტი მოყვა. ადვოკატი და ოჯახის წევრები დაკავებულთან შესვლას ერთი საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.

ზაზა სარალიძის დაკავებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი განცხადებით, აქციების დაწყების დღიდან პოლიცია შვილმკვდარი მამების პროვოცირებას ცდილობს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზაზა სარალიძე ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, ღამეს საავადმყოფოში გაატარებს. ხვალ დილით კი სავარაუდოდ მას წინასწარი მოთავსების იზოლატორში საბადრაგო სამსახური გადაიყვანს, რის შემდეგ მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

კლინიკაში რჩება პოლიციელიც, რომელიც რუსთაველზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა.

დაკავებულის მოსანახულებლად კლინიკაში რეს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი მივიდა.

შვილმკვდარი მამების აქციაზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე 47 დღეა, კარვის გაშლას ითხოვენ. 

ზაზა სარალიძისადმი წაყენებული ბრალი 4-დან და 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით იურისტებს კითხვები აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები