20 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხის შესაძლო გადაცემის ფაქტები

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხის შესაძლო გადაცემის ფაქტები გასაჯაროვდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზვიად მხეიძე ირაკლი კობახიძეს ატყობინებს, რომ სჭირდება თანხა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლების მობილიზაციისთვის. მოხსენებითი ბარათი ინტერნეტში გავრცელდა.

ოლქის თავმჯდომარემ დაიანგარიშა და დააჯამა, რომ 26 ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისაყვანად 1225 ლარია საჭირო. თითო ამომრჩეველს „ქართულმა ოცნებამ“ 50 ლარი უნდა გადაუხადოს.

აჭარაში გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაასაჯაროვა სიები, სადაც ამომრჩევლების სახელები და გვარები, პირადი ნომრები და კონკრეტული თანხა წერია. მათი მტკიცებით, სია ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ჰქონდა.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სიაში ყველა იმ პირის ვინაობაა გაწერილი, ვინც ხმას ხელისუფლების კანდიდატს აძლევენ და ამაში მათ წინასწარ უკვე აიღეს კონკრეტული თანხა. ფურცელზე 39 ამომრჩევლის ვინაობაა მითითებული, რომლებსაც ჯამში, სავარაუდოდ, 450 ლარი გადაუხადეს.

კიდევ ერთი სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა ოპოზიციამ ჟინვალში დააფიქსირა. ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებმა 47-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ მობილიზებულ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს სია გამოართვეს. ფურცელზე კონკრეტული ამომრჩევლების ვინაობა და თანხაა მიწერილი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ მოქალაქეებს ფული წინასწარ გადაუხადა იმისთვის, რომ საარჩევნო ბიულეტენში სალომე ზურაბიშვილი შემოეხაზათ. კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის თითოეულ ამომრჩეველს 20-დან 100 ლარამდე გადაუხადეს.

სავარაუდოდ, ფული შესთავაზეს ფოთის 23-ე საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის რეგისტრატორს და სანაცვლოდ ერთი საათით უბნის დატოვება მოსთხოვეს. ამის მტკიცებულებად ოპოზიციის წარმომადგენელმა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

დღის ამბები