19 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება, ორი დაკავებული და გაყალბების არაერთი მცდელობა - საპრეზიდენტო არჩევნები ქვემო ქართლში

საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე დაძაბულ რეჟიმში ქვემო ქართლში მიმდინარეობდა, სადაც საარჩევნო პროცესი დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე წარიმართა.

მარნეულის სოფელ იმირის 59-ე საარჩევნო უბანზე ოპონენტებს შორის შეხლა-შემოხლა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დააკავეს.

თუმცა ეს არ იყო ერთად ერთი ინციდენტი. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს დეპუტატის მხრიდან დამკვირვებლის მისამართით მუქარას. მარნეულის მუნიციპალიტეტი საარჩევნო უბნებზე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სიმრავლით გამოირჩეოდა.

კიდევ ერთი დაპირისპირება მარნეულის სოფელ თაზაქენდში მე-13 საარჩევნო უბანზე მოხდა. შელაპარაკება უბანზე საკრებულოს დეპუტატის - ალი მურადოვის გამოჩენას მოჰყვა. სადამკვირვებლო ჯგუფის წევრებმა დეპუტატს მიუთითეს, რომ მისი იქ ყოფნა არ შეიძლებოდა, რადგან ალი მურადოვი ხმას ამ უბანზე არ აძლევდა. ამას სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც დეპუტატი დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

სოფელ სადახლოში 88-ე უბანზე შესვლას და ხმის მიცემას ამომრჩეველი საკუთარი ძმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ცდილობდა. დარღვევა მაშინ მოხდა როცა უბნის თავმჯდომარე ადგილზე არ იყო.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მეორედ მიცემას ცდილობდა, სადახლოს 29-ე საარჩევნო უბანზე. არჩევნების გაყალბების ფაქტი, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს და ბიულეტენის ანულირების გადაწყვეტილება მიიღეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი ადგილზე მმართველი გუნდის აქტივისტების მობილიზებას ახდენდნენ.

დღის ამბები