25 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
"რჩევებს გვაძლევთ ქალბატონო ელენე? არ გვინდა ეს თქვენი რჩევები"- ხმაური და დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

არჩევნების შემდეგ ბიუროს პირველი სხდომა პარლამენტში ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო.

ხედავს თუ არა არჩევნების შემდეგ მაინც ხელისუფლება რეალურ პრობლემებს ქვეყანაში - ამ შეკითხვას დღეს მმართველი გუნდის გაღიზიანება და ოპოზიციაზე თავდასხმები მოყვა.

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ მოახერხა ის რომ დემოკრატიულ გარემოში ჩაეტარებინა არჩევნები.

„როდესაც ხელისუფლება ამ ცდუნებას უძლებს, რომ არც ერთი ბიულეტენი არ გააყალბოს და არც ერთი ხმა არ გააყალბოს და არც ერთი ხმა არ დაკარგოს. მე არ მგონია, რომ დამარცხების განცდა უნდა ჰქონდეს იმ მოცემულობაში, როდესაც მეორე ტური უნდა ჩაატარო, რაც მგონია, რომ დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესია. დამარცხებულის განცდა უნდა ჰქონოდა 2008 წელს სააკაშვილს, როდესაც ჩვენ მოვუგეთ მას საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ გააყალბა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მის ამ განცხადებას „ევროპული საქართველო“ გამოეხმაურა. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის რაზეც საუბრობდა ეკა ბესელია იძლევა ერთადერთი დასკვნის საშულებას, რომ გუშინ მმართველმა გუნდმა ვერანაირი გაკვეთილი ვერ მიიღო.

„მე ვიფიქრე, რომ გუშინ მიხვდებოდით, რომ ასეთი დასკვნები არ უნდა გაგეკეთებინათ. ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ ასეთი ტონი. ჩვენ გავლილი გვაქვს ის მდგომარეობა რომელშიც ახლა თქვენ ხართ. მესმის, რომ ეს მდგომარეობა არის ძალიან მძიმე  მაგრამ მოგიწოდებთ რომ თქვენს თავში იპოვოთ ძალა და მოახერხოთ, რომ ჩაატაროთ მეორე ტური არჩევნების ისე, რომ ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი წინ დემოკრატიისკენ,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ეკა ბესელიას უპასუხა ელენე ხოშტარიამაც. მისი თქმით, მმართველ გუნდს უნდა ესმოდეს, რომ ახლა საზოგადოებას იმის მოსმენა არ სჭირდება, რამდენად ცუდები არიან ოპოზიციის წევრები. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ამომრჩეველი მმართველი პარტიისგან შეცდომების აღიარებას ელოდება.

„რჩევებს გვაძლევთ ქალბატონო ელენე? არ გვინდა ეს თქვენი რჩევები რა,“-მიმართა ეკა ბესელიამ ხოშტარიას, რაზეც მან უპასუხა, რომ ის საუბრობს ქვეყნის საჭიროებებზე. 

„ქალბატონო ეკა, თქვენ პირადად კი არ გირჩევთ, ქვეყანას რაც სჭირდება იმაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, ვის ვესაუბრები. ადამიანების არჩევანს ვცემ უბრალოდ პატივს. მეტს აღარ მოგაცდენთ,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით კი, არჩევნები მოიგო ნათელმა ძალამ და  გაიმარჯვა სიბნელეზე.

რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს რატომ დამარცხდა. ამ ტერმინს კი ეკა ბესელიას გაღიზიანება მოჰყვა. მან რომან გოცირიძეს მიმართა ხომ არ ეგონა მას, რომ უკვე მეორე ტურია.

„როდესაც თქვენ ამბობთ ნათელსა და ბნელზე, სწორედ ბნელი მმართველობა დამარცხდა გუშინ.

თუ თქვენ ეს დღემდე ვერ გააცნობიერეთ, მაშინ ისე გაქრებით, ჩამოხმებით და დაჭკნებით, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ ნაჩუქარი თაიგული, რომელიც გუშინ მიმართა სალომე ზურაბიშვილს. წყალში ჩადებაც დაგავიწყდათ იმ ზეიმის პერიოდში და ისე ჩამოჭკნა როგორც „ქართული ოცნება“ არის დღეს მიმავალი პოლიტიკურ სამარეში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის ნაწილმა ბიუროს სხდომა პორტეტსტის ნიშნად დატოვა. 

დღის ამბები