19 აპრილი 2024,   22:31
ვრცლად
თავდასხმა გრიგოლ ვაშაძის შტაბში - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თავდასხმას „ოცნების“ დეპუტატის ძმა ხელმძღვანელობდა

თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, ახალქალაქის შტაბში - დღეს ოპოზიციის მხარდაჭერებს ქართული ოცნების მომხრეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აშოტ რაისიანი, ოპოზიციის სამ მხარდამჭერთან ერთად დღეს გრიგოლ ვაშაძის შტაბში სცემეს. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიღებული.

რაისინის გადმოცემით, მას პირადად ქართული ოცნების დეპუტატის, ენზელ მკოიანის, ძმა გაუსწორდა, რომელიც შტაბის წევრებზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

რაისიანი ამტკიცებს, რომ მკოიანი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და თავში დაზიანებები მას სწორედ პისტოლეტის ტარით მიაყენა. მისივე ცნობით, ოპოზიციის წევრებზე თავდასხმაში დეპუტატი მკოიანიც მონაწილეობდა.

დაზარალებულები დარწმუნებულები არიან, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბზე თავდასხმას პოლიტიკური მოტივი აქვს.

ოპოზიციის ლიდერებს უკვე აქვთ მტკიცებულება იმისა, რომ მათი შტაბის წევრებზე თავდასხმას ქართული ოცნების დეპუტატის ძმა ხელმძღვანელობდა.

ნიკა მელიას ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მათ საფულე იპოვეს, რომელშიც მარტუნ მკოიანის პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობები აღმოჩნდა.

ოპოზიციის ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობენ ძმები მკოიანები. მათი მტკიცებით, ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებზე არანაირ ორგანიზებულ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მისი ძმა ოპოზიციის ოფისთან შემთხვევით მოხვდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. თუმცა, გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებს ადგილობრივი პოლიციის იმედი არა აქვთ.

გამოძიება დაწყებულია, თუმცა, შემთხვევის ადგილის შესწავლის გარდა, სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ ჩატარებულა. ამ დრომდე პოლიციას არც ერთი მხარის წარმომადგენელი არ დაუკითხავს. 

დღის ამბები