19 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
"არავითარი რევანში, არავითარი სამოქალაქო ომი, არავითარი დაპირისპირება" - გრიგოლ ვაშაძე ოპონენტებს პასუხობს

„სადარბაზოდან დაწყებული, შტაბის შემოსასვლელამდე და შტაბში თვითონ შიგნით, სისხლით არის დაფარული. შეიარაღებული ხალხი დაესხა თავს 4 ადამიანს, უმოწყალოდ გაუსწორდნენ მათ,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია, გრიგოლ ვაშაძემ, ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბრისას არჩევანის ეთერში გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები აქვთ მიყენებული.

ვაშაძე ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის აქტივისტებს უკვე მესამედ გაუსწორდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფიზიკურად.

„ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც სახელმწიფო არ გვყავს, გასული არის მომსახურეობის ზონიდან და აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება, თუ რაიმე სხვა შტო ჩვენი ხელისუფლების, მას მართავენ ისევე, როგორ რეგიონებს, შეიარაღებული ბანდები. ჩვენ ვლაპარაკობდით ფარცხალაძის შეიარაღებულ ბანდაზე, ჩვენ ვლაპარაკობდით სუბელიანი შეიარაღებულ ბანდაზე, აღმოჩნდა, რომ პარლამენტის წევრს, მკოიანს ჰყავს თავისი შეიარაღებული უკანონო დაჯგუფება, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის წევრების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებენ, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი მოხდება.

„არავითარი რევანში, არავითარი სამოქალაქო ომი, არავითარი დაპირისპირება, არავითარი ოპოზიციის ან პოლიტიკური ოპონენტების ჩაგვრა, დაშინება და მათთან ფიზიკურად გასწორება არ იქნება იმიტომ, რომ სახელმწიფო არის გადასარჩენი,“ - ამბობს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძე ასევე ეხმაურება ინფორმაციას, რომ ის გეგმავს პოლიტპატიმრების შეწყალებას. მისი თქმით, შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით მმართველი გუნდის წევრები ცდილობენ მოსახლეობის შეშინებას.

ვაშაძე ამბობს, რომ თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალება არ სჭირდება და ყველა სამართლებრივ კითხვას პასუხს გასცემს.

„მე მკითხეს, გაქვთ თუ არა სურვილი ამის გაკეთების, მე ვთქვი, რომ მაქვს და აუცილებლად ვეცდები ამის გაკეთებას, მაგრამ, მოდით, გავიხსენოთ, რომ საქართველოში გვაქვს კანონმდებლობა და გვაქვს პროცედურა, სანამ რაიმე მოხდება, მოსმენილ უნდა იქნას, მათ შორის, პროკურატურა, რომელიც დღეს მთლიანად ქართული ოცნების კონტიგენტით არის დაკომპლექტებული. უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ადამიანების აზრი, რომელიც შეწყალების კომისიაში იქნებიან და რას ჰქვია, რომ მე შევიწყალებ, იმას კი არ ნიშნავს, რომ მე შევიწყალებ, შეიწყალებს სახელმწიფო და შეიწყალებს იმის შესაბამისად, რა კანონმდებლობა გვაქვს საქართველოში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე ამბობს, რომ დღეს არსებული მონაცემებით, მან პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურს მოიგებს.

„დავალება იყო მიღებული, რომ რამენაირად ე.წ. ქართული ოცნების კანდიდატი ყოფილიყო პირველ ტურში პირველ ადგილზე. მაგრამ პირველ ადგილზე ვართ ჩვენ, გამარჯვება ჩვენი არის და მოვიგებთ ჩვენ ამ არჩევნებს მეორე ტურში,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები