25 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
„იწყება ეპოქა "ქართული ოცნების" დაისის“ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ევროპული საქართველოს  ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრების მხრიდან თავდასხმა ენმ-ის ოფისზე იმ ისტერიის ნაწილია, რომელშიც მმართველი გუნდის ლიდერები იმყოფებიან.  

ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ არჩევანის ეთერში გააკეთა. 

„ახალქალაქის ნაციონალურ მოძრაობის ოფისზე თავდასხმას თუ განვიხილავთ იმ ისტერიკასთან ერთად, რაც ვიხილეთ ჩვენ ოცნების სხვადასხვა დონის ლიდერებისგან, აშკარად იკვეთება სურათი, რომ საქმე გვაქვს არა იმ თითქოს აღიარებასთან და საზოგადოების გულისწადილის გაგონებასთან, რაზეც კალაძე გუშინ საუბრობდა, არამედ პირდაპირ რეპრესიასთან,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, თუნდაც ის განცხადება, რაც გედევან ფოფხაძემ დღეს გააკეთა, რომ, თუ ოპოზიცია მოიგებს სამოქალაქო ომი იქნება, ნიშნავს, იმას რომ ქართული ოცნება საკუთარ მოსახლეობას უცხადებს ომს.

„ამ პირველი ტურის წინაც ის, რომ ხელისუფლება ამ სიძულვილს აღვიძებდა, ის, რომ მტრის ხატს ხატავდა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, ჩვენ, ევროპულ საქართველოს მიგვაჩნდა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ასეთ დროს ფრთხილი და არ უნდა მისცეს შესაძლებლობა, ჩვენი საუბარი არასწორად გამოიყენოს. მაგრამ აქეთ არის მხოლოდ საუბრები და იქით ვხედავთ ჩვენ ქმედებებს. ჩვენ კარგად გვახსოვს საბურავების მოგონილი საქმე, რომელიც არაფრით არ დამთავრდა.  ჩვენ კარგად გვახსოვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 315 მუხლით რუსთავი2-ის ოფისში თითქოს. რუსთავი2-ის ეზოში რანაირად უნდა გადაატრიალო სახელმწიფო, კაცმა არ იცის. ზუსტად ანალოგიურ რიტორიკას ვხედავდით მათგან და ახლა საუბრობენ, რომ, თუ ჩვენ არ ვიქნებით, მაშინ იქნება ომი. რას ნიშნავს ეს საერთოდ, მაშინ გავაუქმოთ არჩევნები და სამუდამოდ იყოს ივანიშვილი, რომ არ იყოს ომი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს. 

„იწყება ეპოქა ქართული ოცნების დაისის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ხალხს სურს ცვლილებები.

რაც შეეხება მხარდაჭერას, რომელიც ევროპულმა საქართველომ გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა, გიგი უგულავას განცხადებით, არჩევნებამდე 4 თვის წინ პარტიამ ენმ-თან მოაწერა მემორანდუმს ხელი ბრიუსელში. გიგი უგულავას თქმით, ამ დოკუმენტის მესამე პუნქტი სწორედ იმ ნაბიჯს გულისხმობდა, რაც დავით ბაქრაძემ გადადგა.

გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა ენმ-თან, დღეს საფრთხე არის ივანიშვილი და მისი კანდიდატი და ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს სწორედ ქართული ოცნების წინააღმდეგ.

დღის ამბები