20 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
"ქართული ოცნება" გადავიდა ამომრჩევლის ტერორზე" - თამარ კორძაია სამოქალაქო ომთან დაკავშირებით "ოცნების" წევრებს აკრიტიკებს

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, გრიგოლ ვაშაძისთვის, მისი პარტიის მიერ მხარდაჭერის გამოცხადების მიზეზებს არჩევანის ეთერში განმარტავს.

კორძაია ამბობს, რომ წინა ხელისუფლებას ახლაც აკრიტიკებს მისი პარტია, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაშაძეს უცხადებენ მხარდაჭერას, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ ამომრჩეველს არ სურს მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატი პრეზიდენტად.

„როდესაც საზოგადოების დაკვეთაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული კანდიდატი არ იყოს პრეზიდენტი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოებას მოუსმინოს ამ შემთხვევაში,“ - ამბობს კორძაია.

თამარ კორძაია სამოქალაქო ომთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება აგონიაშია“.

„დღეს ჩვენ ვუსმენთ პარლამენტის წევრს, რომელიც ამბობს, რომ, თუ აირჩევთ გრიგოლ ვაშაძეს, ეს იქნება სამოქალაქო ომის დასაწყისი. ეს არის ხალხის დაშინების მცდელობა ანუ ქართული ოცნება გადავიდა ამომრჩევლის ტერორზე და ამას თუ ჩავყვებით, ხვალ საქართველოში გვექნება 100 ფარცხალაძე ერთის მაგივრად, ხვალ საქართველოში გვექნება სარდაფებში ნაცემი ხალხი და ძალადობის ქვეშ მყოფი დათრგუნული საზოგადოება, მაგრამ ეს საზოგადოება ამას რომ არ მიიღებს, ეს არის ცალსახა და ნათელი,“ - განაცხადა კორძაიამ.

დღის ამბები