19 აპრილი 2024,   17:08
ვრცლად
"მოქმედი შტაბის თავმჯდომარეს არჩევნებამდე ხელი არავინ დააფარა" - მმართველი გუნდი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება

მმართველი გუნდის წევრები ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს პასუხობენ.  

გამომდინარე იქიდან, რომ ლაშა გოგიასა და მისი მოადგილის ირგვლივ კორუფციის შესახებ სკანდალი რამდენიმე თვის წინ აგორდა და ისინი მხოლოდ დღეს დააკავეს, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება არჩევნების პირველ ტურს უკავშირდება, რომელიც წააგეს.  

ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების პოლიტიკურ პროცესებთან კავშირს უარყოფენ მმართველ გუნდში. 

კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ დრომდე გოგიას და გულორდავას დაკავება, გია ვოლსკი აცხადებს, გამოძიება საჭირო მტკიცებულებებს აგროვებდა.

"საზოგადოებისგან ვერ დავმალავთ იმას რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს გამოძიების. და გამოძიებას როგორც კი ხელთ ჰქონდა რეალური მასალა, რომ არ ემოქმედა გამოდის, რომ ჩვენ რაღაც არჩევნებს ველოდებით და თუ კი რაღაც დანაშაულია ჩადენილი, ეს დანაშაულზე რეაგირება რაღაცნაირად უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს. კანონის გათვალისწინებით რაც მთავარია მოხდა ეს დაკავება. თუმცა მე რა საკვირველია განვიცდი, როგორც ადამიანი ნებისმიერ დაკავებას, მაგრამ რეალურად, სამწუხაროა მაგრამ ეს გარდაუვალი იყო,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლაშა გოგია ბოლოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. მმართველ გუნდის წევრების განცხადებით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ „ოცნებამ" ხელი არ დააფარა მოქმედ თავმჯდომარეს.

„ის აგრძელებდა ჩვენს გუნდში მოღვაწეობას და ესეც ნათელი მაგალითია იმის, რომ მოქმედი შტაბის თავმჯდომარე იმის გამო, რომ მიაღწია გამოძიებამ გარკვეულ სტადიას, სადაც შეიძლებოდა ბრალის წაყენება არავინ არ დაადო ხელი და არ თქვა, მოდი არჩევნების მერე გავაკეთოთ ეს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.  

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და მის მოადგილეს გია გულორდავას გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაშა გოგია დაკავებამდე „ქართული ოცნების" შტაბში იმყოფებოდა, თუმცა ვისთან გამართა მან შეხვედრა უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები