25 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
საარჩევნო სტრატეგია - „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრებს იწყებენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები მომდევნო კვირიდან ამომრჩეველთან შეხვედრას აქტიურად იწყებენ. ამ სტრატეგიის შესახებ ცნობილი მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა, სადაც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებსა და რაიონების გამგებლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა „კურიერთან“ განაცხადეს, რომ მეორე ტურისთვის პარტია სრულ მობილიზაციას მოახდენს და უფრო გააქტიურდებიან. „ოცნების“ ლიდერები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრას მომდევნო კვირიდან იწყებენ.

მმართველი პარტიის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ ამომრჩეველთან შეხვედრებში ბიძინა ივანიშვილმაც მიიღოს მონაწილეობა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას დაამყარებენ, რათა ამომრჩეველს გააცნონ პარტიის გეგმები.

„დღეს იყო თბილისის შტაბის შეხვედრა და შესაბამისად, აქტიურად იქნებიან ჩართულები შტაბის წევრები, მაჟორიტარები და შესაბამისად, რა თქმა უნდა შტაბის ხელმძღვანელი,“ - განაცხადა ტყემალაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში დახურულ შეხვედრაზე კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატები რაიონების გამგებლებთან ერთად დაიბარა და მეორე ტურის სტრატეგია გააცნო.

„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში სრული რესურსით ერთვება.

მმართველი პარტია მეორე ტურის წინ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ცნობილი გახდა, რომ იქმნება ორი საარჩევნო შტაბი. რეგიონებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იქნება.

დღის ამბები