22 აგვისტო 2019,   23:18
ვრცლად
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანს სასმელი წყალი სამი წელია არ მიწოდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანს სასმელი წყალი სამი წელია არ მიწოდება. მოსახლეობას ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სასმელი წყლის მოსამარაგებლად ყოველდღე ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადიან.

იმის გამო, რომ წლებია, წყალი არ აქვთ, სახლის ეზოებში ჭაბურღილები გათხარეს, თუმცა წყალი მარილიანი და სასმელად უვარგისი გამოდგა. ხელისუფლებისგან დაპირებას ყოველწლიურად იღებენ, თუმცა უშედეგოდ.

წყალი სამტრედიის მუნიციპალიტეტის კიდევ ცხრა მაღალმთიან სოფელს არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი სტაბილურად ჰქონდათ, მაგრამ შეუწყდათ მას შემდეგ, რაც 2015 წელის ივნისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.

შესრულებულ სამუშაოებზე რეგიონული განვითარების ფონდიდან 612 ათასი ლარი დაიხარჯა. შესაბამისად, მოსახლეობისთვის გაურკვეველია, თუ სამტრედიის მერიამ წყლის მილების შესაცვლელად ფული დახარჯა, წყლის მიწოდება რატომ ვერ ხერხდება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ წყლის მოძიება პროექტის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული. 

ავტორი: თამთა ჯიქია, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები