25 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
პროკურატურა ბრალს უნდა მიმართავდეს მკოიანების მიმართ და იმუნიტეტის მოხსნას უნდა ითხოვდნენ - ბეჟაშვილი ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს

„პროკურატურა ბრალს უნდა მიმართავდეს ამ პირების მიმართ და იმუნიტეტის მოხსნას უნდა ითხოვდნენ,“ - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბზე განხორციელებულ თავდასხმას „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა ხელმძვანელობდა. ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციის აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ასევე მონაწილეობდა ენზელ მკოიანი.

ბეჟაშვილი სამართალდამცავ უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის გამო, სამართალდამცავები მკოიანზე იმუნიტეტის მოხსნას უნდა ითხოვდნენ.

„ყველამ იცის ახალქალაქში, ნინოწმინდაში და მთელ საქართველოშიც, რომ ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო დეპუტატი მკოიანი და მისი ძმა და მათი უშუალო ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ხდებოდა ამ დანაშაულის ორგანიზება და განხორციელება. შესაბამისად, პროკურატურა ბრალს უნდა მიმართავდეს ამ პირების მიმართ და იმუნიტეტის მოხსნას უნდა ითხოვდნენ,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილმა დაშავებულების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი სამედიცინო დაწესებულებაში კვლავ რჩებიან. მისი თქმით, დღეს ექიმებზე ზეწოლის მცდელობები იყო ჯანდაცვის სამინისტროდან, რათა პაციენტები სახლში გაეწერათ.

„ჩვენ დღის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ არის მცდელობა ჯანდაცვის სამინისტროდან გარკვეული ზეწოლის განხორციელების სამედიცინო პერსონალზე, რათა მათ აეძულებინათ დაზარალებულები, რომ დაეტოვებინათ სამედიცინო დაწესებულება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ მივდივართ იმიტომ, რომ დაზარალებულებს სჭირდებათ სამედიცინო მეთვალყურეობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, გამოძიება არა მკოიანებს, არამედ უბრალოდ „ოცნების“ აქტივისტებს კითხავს და ბრალეულობაც სხვა პირებზე გადააქვთ.

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 4 პირი მძიმედ დაშავდა. ოპოზიციის წევრების მტკიცებით, მათზე თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები