24 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
საურავები და ჯარიმები გაცემული სესხებიდან - კომერციულმა ბანკებმა ბოლო 9 თვის განმავლობაში 60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

საურავები და ჯარიმები კლიენტებისთვის გაცემული სესხებიდან კომერციულმა ბანკებმა ბოლო 9 თვის განმავლობაში 60 518 403 ლარის შემოსავალი მიიღეს.

ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი თიბისი ბანკმა მიიღო - დაახლოებით 22 მილიონი ლარი. მეორე ადგილზე საქართველოს ბანკია 14 577 426 ლარით.

შემდეგ მოდის ლიბერთი ბანკი - 10 458 413 ლარის შემოსავლით. მეოთხე ადგილზეა კრედო - 4 072 214 ლარი. ტოპ-ხუთეულშია ასევე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკი - 2 516 354 ლარის შემოსავლით.

მოგების ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რამდენად დიდია ქართულ ბანკებში დაწესებული ჯარიმების ოდენობა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ კომერციული ბანკების სასესხო პოლიტიკა არაჯანსაღია და ის ორიენტირებულია მხოლოდ მათ სარგებელსა და მოგებაზე.

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში არასამართლიანი იქნება მხოლოდ კომერციული ბანკებისკენ ხელის გაშვერა, რადგან, მათი თქმით, თამაშის წესებს საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ადგენს.

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე, ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგულაციები ბანკებს აძლევს შესაძლებლობას, რომ რისკიანი სესხები გასცენ.

„ამიტომ, თუკი ჩვენ შევაფასებთ მოვლენებს, როგორც პოლიტიკურ შეცდომას, კომერციული ბანკების გამტყუნება იმაში, რომ ისინი იღებენ ზედმეტ სესხებს, იქნება არასწორი," - ამბობს შეშელიძე. 

ეკონომისტი, ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ არასწორი რეგულაციების გამოცემის გამო კომერციული ბანკები აკეთებენ იმას, რასაც საჭიროდ თვლიან.

„ისინი, უბრალოდ, ძარცვავენ ადამიანებს, 60 მიოლიონი ეს არის ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული, რომელიც არ შედის იმ ურთიერთხელშეკრულებებში, რომელიც, წესით, ნორმალურ ვითარებაში აღსრულებული უნდა იქნას. მთავარი რა არის, იცით? - ეს სიმახინჯე, რასაც ქართული საბანკო სექტორი ჰქვია, შექმნილია საქართველოს ხელისუფლებების მიერ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

დღის ამბები