19 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ამერიკაში - საარჩევნო უბნებზე მისულმა ამომრჩევლების ნაწილმა საკუთარი თავი სიაში ვერ იპოვა  

28 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოში გახსნილ სარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების ნაწილი ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი არ იყო. მათ ამის გამო, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. 

რატომ არ იყვნენ ამომრჩეველთა სიებში, ემიგრანტებს ამის მიზეზი ვერც საარჩევნო უბანზე და ვერც საკონსულოში აუხსნეს.

საარჩევნო სიებში რომ მოხვედრილიყვნენ, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვადა 7 ოქტომბრამდე ჰქონდათ. მათ ეს ელექტრონულად ან საკონსულოში მისვლით შეეძლოთ გაეკეთებინათ. რეგისტრაციაგავლილი პიროვნება იღებდა დამადასტურებელ საბუთს, რომ ის საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება.

იმის გამო, რომ პროცესი ელექტრონულია, მონაცემებს თბილისი დაუყოვნებლივ იღებს. საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე წლების წინ დადგნენ. მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ ამომრჩევლების გამოტოვება საარჩევნო სიებში მათი პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა, რათა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ხმები დაკლებოდა.

ამომრჩევლები ყვებიან, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს გამონაკლისებიც დაუშვა. სპეციალურ სამაგიდო სიებში ხელით შეიყვანეს კომისიის ის წევრები, რომლებიც არ იდგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და ასევე არ ყოფილან ერთიან ამომრჩეველთა სიაში. მოქალაქეებმა ამ საკითხზე განმარტება მოითხოვეს, რაზეც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უპასუხა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ და სპეციალურ სამაგიდო სიებზე მათი მიწერა შეიძლებოდა.

ნიუ-იორკის საარჩევნო უბნებზე 56 საჩივარი დაიწერა, თუმცა ასეთი ამომრჩეველი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან არ აკეთებენ განმარტებას, თუ რატომ არ შეიყვანეს ის ემიგრანტები სიებში, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იყვნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები მოუწოდებენ ამერიკაში მცხოვრებ მოქალაქეებს, სასწრაფოდ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა ხმის მიცემა მეორე ტურში შეძლონ. 

შეერთებულ შტატებში მოქალაქეები საკონსულოებში აღრიცხვას განაგრძობენ, თუმცა არჩევნების პირველ ტურში მომხდარის შემდეგ, იმედი არ აქვთ, რომ სიებში შეიყვანენ.

 

დღის ამბები