18 ოქტომბერი 2019,   11:34
ვრცლად
არსებობს ვიდეო, რომელიც რაღაც საშინელებაა, მირჩევენ არ ვნახო... - მოკლული 8 წლის გოგონას პაპის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბავშვს ვიდეო გადაუღო

გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას პაპამ „კურიერს“ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.

ხვიჩა ბერიაშვილის თქმით, არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო.

მოკლული ბავშვის პაპა ამბობს, რომ ინფორმაცია მას გამომძიებლებმა მიაწოდეს და ურჩიეს, რომ ეს ვიდეო არ ენახა. თუმცა მისივე თქმით, ის გეგმავს ვიდეომასალა ნახოს, რადგან აქვს კითხვები, რომელთა ნაწილსაც პასუხი შესაძლოა ამ კადრებმა გასცეს. 

ბერიაშვილი ამბობს, რომ თუ მისი ეჭვები გამართლდა, ის გორიდან დაიწყებს და მხარდაჭერას მთელ საქართველოს სთხოვს.

„რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს. ალბათ, საშინელება... არ ვიცი,  უნდა ვნახო. როგორც მეუბნებიან ბრალდებულის გადაღებულიაო, როგორც გამოძიება მეუბნება. მირჩევენ არა ნახოო, მაგრამ უნდა ვნახო, რომ დავრწმუნდე და თუ ეგრე არ იქნება გორელების იმედი მაქვს. მე მთელ საქართველოს ვეუბნები და გორიდან ვიწყებ. რომ მარტო არ დავრჩე და ნანიკოს მივხედოთ,“-ამბობს ხვიჩა ბერიაშვილი.

მოკლული გოგონა გორში 25 ოქტომბერს იპოვეს, მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გოგონას მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.

ნებიერიძეს არასრულწლოვნის გატაცებაში კიდევ ერთი ოჯახი ადანაშაულებს. 14 წლის წინ დაკარგული 11 წლის ბავშვის კვალს ოჯახმა დღემდე ვერ მიაგნო, თუმცა ნებიერიძე სასჯელს არა ბავშვის გატაცებისთვის, არამედ თანხის გამოძალვის მცდელობისთვის იხდიდა.

8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე, ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს

ამავე თემაზე
დღის ამბები