25 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
დანდობა აღარ იქნება, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ ქართველი ერი - საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიცია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაადანაშაულა. მმართველი გუნდის წევრებმა ოპონენტები, არჩევნების პერიოდში მოსახლეობისთვის გაცემული ცრუ დაპირებების გამოც გააკრიტიკეს.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის შეცდომა იყო კოჰაბიტაციაში შესვლა.

„ის არსება, რომელიც ამსტერდამში ზის 4 კედელს შორის და სკაიპით ერთვება ჩვენს მოსახლეობას, ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი ადამიანი და თქვენ კულტივაციაზე გვესაუბრებით და ადამიანმა, რომელმაც მოწამლა მთელი ერი და გინდათ, ეს ადამიანი.

"ეს ადამიანი არაფორმალური მმართველი იქნება თქვენი თუ მთავრობაში არ აპირებს მოსვლას, არ დავუშვებთ, არ დავუშვებთ, დღეს შეცდომად აღვიქვამთ, რომ კოჰაბიტაციაში შევედით თქვენთან, ეს იყო შეცდომა, თუმცა, გვინდოდა, რომ ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება და იქნებ განვითარებაში ერთად მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ თქვენი ცვლილება არ იქნება, აი როგორც შეერთდით ახლა და ლუსტრაცია მოხდა მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, დანდობა აღარ იქნება, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ ქართველი ერი,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ვაშაძე რუსული საარჩევნო კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და "რუსთავი 2" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

კობახიძემ ენმ-ის წევრს, რომან გოცირიძეს მიმართა და 400-ლარიანი პენსიის გაცემის დაპირების გამო, ტყუილში დაადანაშაულა. მის საპასუხოდ რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს დაპირება სიცრუე არ არის და მოსახლეობა მიიღებს მაშინ, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა.

მმართველი გუნდის წევრების ბრალდებებს ოპოზიციამ კრიტიკით უპასუხა.

მმართველი გუნდის კრიტიკის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, სერგი კაპანიძემ აღნიშნა, რომ თავად „ქართული ოცნება“ არის ტყუილებით მოსული ხელისუფლებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები