14 ნოემბერი 2018,   22:41
ვრცლად
კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო - ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობას ეროვნული ბანკი ეხმაურება.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილებების მიზეზები არ უკავშირდება ეკონომიკურ ფაქტორებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე უარყოფით გავლენას ახდენს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები.

„ამდენად, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს.

„ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ.

„ასევე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანია საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები