04 აპრილი 2020,   19:37
ვრცლად
პოლიციის უფროსებთან საგანგებო სხდომას ოპოზიცია მეორე ტურისთვის მოქალაქეების დაშინებას უკავშირებს

ქუთაისში გამართულ ძალოვანი უწყებების საგანგებო სხდომას ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლის დაშინებას უკავშირებს.

ენმ-ის წევრი, მურთაზ ზოდელავა, აცხადებს, რომ რეგიონებში ქართული ოცნების  მაღალჩინოსნების სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. მისივე თქმით, ისინი ცდილობენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ მოქალაქეებზე იმისთვის, რომ მეორე ტურში ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„ყველა ეს მაღალჩინოსანი, ბობოლა ქოცი, რომელიც თბილისიდან მიავლინეს კონკრეტული ამოცანისთვის  და ეს ყველაფერი ზედაპირზე არის. თქვენ შეგიძლიათ, ჩახვიდეთ რეგიონებში და ნახოთ, რამდენად მობილიზებულები არიან. შავი ჯიპი თუ კი რამე არსებობდა  თბილისში, ყველა გაკრეფილია ახლა. ყველა არის რეგიონებში. ყველა ეს მაღალჩინოსნები ცდილობენ, რომ იქ ადამიანებს ან შიშით ან სხვაგვარი  ზეწოლით შეაცვლევინონ პოლიტიკური მრწამსი და ამას ჰქვია კონკრეტულად ეგზეკუცია და მაგონებს მეცხრამეტე საუკუნეს,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ევროპული საქართველო კი სამართალდამცავებს მოუწოდებს, არ შეასრულონ ხელისუფლების უკანონო  ბრძანებები და უბრალოდ დააიგნორონ ისინი.

„ეს არის დამარცხებული ივანიშვილის გუნდის სასოწარკვეთილი  ნაბიჯები, რომელიც ვერაფერს ვერ შეცვლის. ამიტომ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, მათ, ვინც ემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს კონსტიტუციას, უბრალოდ დააიგნორონ მათი მითითებები, მათ ბრძანებებიც, უკანონო ბრძანებები. მშვიდად მივიყვანოთ ეს პროცესი ლოგიკურ ფინალამდე ივანიშვილის გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებამდე, მერე საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამდე. იქამდე, უბრალოდ, სრული იგნორირება მათ უკანონო ბრძანებებზე და მითითებებზე. ეს იქნება ჩვენი მოწოდება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დილიდან საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. ქუთაისში ჩასული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა არ დააკონკრეტეს, რა საკითხები განიხილებოდა და კონკრეტულად რა დავალებები მიიღეს გრიგოლ ლილუაშვილისგან.  

არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსებთან შეხვედრა უკავშირდებოდა არჩევნების მეორე ტურს.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები