20 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
ხმაური  კომიტეტის სხდომაზე - სიტყვიერი დაპირისპირება პრეზიდენტობის კანდიდატებზე საუბარს მოჰყვა 

„ჩვენ, ევროპული საქართველო არ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

კომიტეტის სხდომა დღეს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური პრეზიდენტობის კანდიდატებზე საუბარს მოჰყვა. უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს იმ საკითხზე დაუპირისპირდნენ, თუ რომელი კანდიდატია რუსეთიდან მართული და ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

სერგო რატიანმა უმრავლესობის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველ ტურში დამარცხდა და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ.  

„ძალიან წყნარად მიიღეთ ის და ჩახედეთ სიმართლეს და გაუსწორეთ თვალი იმ სიმართლეს, რომ თქვენ ფაქტობრივად პირველ ტურში დამარცხდით. ის 10% და ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს ჩვენ, უზრუნველყოფს თქვენ დამარცხებას,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა, თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის პრო რუსულობაზე ისაუბრა. მან ასევე საუბრის დროს ნინო ბურჯანაძე და კახა ბენდუქიძეც ახსენა.

„მე მინდა, გაგახსენოთ ბატონი პუტინის და ბატონი გრიგოლის ერთობლივი სურათი. მე მინდა, გაგახსენოთ თქვენი არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, რომელიც პუტინთან პოზირებდა მუდმივად. მე მინდა, შეგახსენოთ ცხონებული ბენდუქიძე, რომელიც ასევე ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა და შემდეგ ქართული ეკონომიკა ჩავაბარეთ,“ – ვანო ზარდიაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ამის პასუხად აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის მოწმე საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება.

„პუტინის მოწმე ჰააგის სასამართლოში, არ გახდება პრეზიდენტი,“ - აღნიშნა სერგო რატიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა, სერგო რატიანს მიმართა და გრიგოლ ვაშაძის შესახებ ისაუბრა.

„ხომ არ გგონიათ, რომ რბილი ძალა ცეკვა-ცეკვით, ბალეტმეისტერობით მოედინება საქართველოში, მობრძანდება და პრეზიდენტის სავარძელი თუ დაიკავა, მერე ნახეთ თქვენ პუტინის და კრემლის სიხარული და აღფრთოვანება ამ ამბით,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გარდა ამისა, პრორუსულობასთან დაკავშირებით მინიშნება რუსთავი2-ის მისამართით დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა.

„ხომ არ დაგავიწყდათ ბატონო სერგო, რომ მათ შორის რუსთავი2-ის ტელევიზია რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის?“ - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა სერგო რატიანს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.  

 

 

 

დღის ამბები