23 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა - ლაშა თორდიას აზრით, ხელისუფლება ყოფილ პროკურორს გაურიგდა

ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემაში ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორი მედიასთან დღეს არ გამოჩენილა. 5000-ლარიანი გირაოს ქვეშ მყოფი ოთარ ფარცხალაძე წყნეთში მდებარე ფეშენებელური სახლიდან ორჯერ გავიდა, თუმცა ისე რომ კამერებმა ვერ დააფიქსირეს.

კურიერის კამერამ გუშინ გადაიღო, თუ როგორ დატოვა ძველი თბილისის პოლიციის პირველი განყოფილება ოთარ ფარცხალაძემ. ამ დროს ელცენტროს ინცინდენტზე მისი დამატებითი დაკითხვა დასრულებული იყო და ყოფილ მთავარ პროკურორს, სავარაუდოდ, ბრალდებულის სტატუსი უკვე ჰქონდა.

მთავარმა პროკურატურამ ფარცხალაძის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სახელმწიფო ტელევიზიის ვებგვერდის საშუალებით გვიან ღამით გაავრცელა. განმარტება კი დღეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურის მოთხოვნითვე 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამავე თანხად შეაფასა სახელმწიფო ბრალდებამ ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, მიხეილ ჩოხელის, ქმედებაც, რომელიც ასევე ლასა თორდიას ცემაშია ბრალდებული.

რატომ გახდა 1 წლის, 5 თვისა და 23 დღის წინ მომხდარი დანაშაული პროკურატურისთვის დღეს ისევ აქტუალური, ამ შეკითხვას მთავარი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა უპასუხა. მისი მტკიცებით, ამ ხნის განმავლობაში ყოფილ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

მეტი გამჭირვალობისთვის მოწვეული ჰყავდათ უცხოელი ექსპერტები და მათ დასკვნას ელოდნენ. თუმცა გაირკვა, რომ ობიექტური შემფასებლების დასკვნა არ არსებობს და ფარცხალაძესა და ჩოხელს ბრალი იმ მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს, რომელიც გასული წლის ზაფხულში უკვე ჰქონდათ.

როგორც გაირკვა, ყოფილი მთავარი პროკურორი გუშინ დილით პოლიციაში დაკითხეს, შუადღეს ბრალი წაუყენეს და გვიან საღამოს უკვე სასამართლოში გირაოს შესაფარდებლად ჰყავდათ მიყვანილი.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის, განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას გეგმავს.

დაზარალებული ლაშა თორდიასთვის კი მის ცემაში ფარცხალაძის ახლა დადანაშაულება სპექტაკლია. ამერიკაში მყოფი ყოფილი გენერალური აუდიტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოთარ ფარცხალაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაურიგდა.

ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ დაზარალებულად ცნობილი თორდიას ადვოკატები. თორდიას იურისტები გეგმავენ, პროკურატურას კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით დამატებით მიმართონ.

დღის ამბები