18 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
ამერიკელები კონგრესს და შტატების გუბერნატორებს ირჩევენ - ექსპერტებმა არჩევნებს "რეფერენდუმი" უწოდეს

ამერიკელები კონგრესს და შტატების გუბერნატორებს ირჩევენ. შუალედური არჩევნები, რომელსაც ექსპერტები ერთგვარ რეფერენდუმს უწოდებენ და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შეფასების ინდიკატორად მიიჩნევენ, მოსახლეობის მაღალი აქტივობით მიმდინარეობს.

არჩევნებში 35-მა მილიონმა ამომრჩეველმა წინასწარ მიიღო მონაწილეობა. ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში შესაძლოა, 225 მანდატი - ანუ 50 პროცენტზე მეტი, დემოკრატებმა აიღონ, თუმცა, სენატში ხმების უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ.

დღეს გაირკვევა, რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებდნენ, შეინარჩუნებენ თუ არა უმრავლესობას ქვედა პალატაში. სენატში, სადაც 100 სენატორიდან 35-ს ირჩევენ, როგორც კვლევები აჩვენებს, სურათი არ შეიცვლება და რესპუბლიკელები კონტროლს დაიტოვებენ. ქვედა პალატაში კი, კვლევების მიხედვით, რომელიც ორგანიზაცია 538-მა გამოაქვეყნა, დაახლოებით, 87% არსებობს იმის ალბათობა, რომ დემოკრატებმა კონტროლი ხელში აიღონ.

ე.წ. ლურჯი ტალღა ანალიტიკოსებმა შეერთებულ შტატებში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ივარაუდეს. ერთ-ერთი ფაქტორი იყო ისიც, თუ როგორ აფასებდნენ დონალდ ტრამპის საქმიანობას. ორგანიზაცია 538-ის გამოკითხვებით, ტრამპს დადებით შეფასებას 41-% აძლევს, 52-% კი - უარყოფითს. 

რეზიდენტის ფაქტორი შუალედურ არჩევნებზე დიდია, რასაც ადასტურებს გელაპის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულ ამომრჩეველთა 60% ამბობს, რომ საკუთარ ხმას პრეზიდენტისთვის გზავნილის გადასაცემად გამოიყენებს.

შუალედურ არჩევნებს ეუთო-ს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის, ასევე საპარლამენტო ასამბლეის მისია აკვირდება. სადამკვირვებლო მისიებს ასამბლეის ქართველი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.  

არჩევნების შედეგები დღეს გვიან ღამით გახდება ცნობილი. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველად დასკვნას კი ეუთოს სადამკვირვებლო მისია ხვალ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.

დღის ამბები