25 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია აქვთ

ეროვნული ვალუტა რეკორდული სისწრაფით განაგრძობს გაუფასურებას. კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 80 თეთრს აღწევს. ბოლო დღეების განმავლობაში ლარი უკვე რამდენიმე თეთრით გაუფასურდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, მის მიერ დაანონსებული კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან შედგა და ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 

„ჩვენ ვმუშაობთ, დეტალებზე. აქ, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შედეგებს ყველა ვიხილავთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ. რომან კაკულიას თქმით, დღეს არსებული მონაცემების მაქსიმალურად შენარჩუნებაში, ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი ფაქტორი გააჩნია.  

„იმას, რომ ინფლაცია არ იქნას დაშვებული და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენ ეს მაჩვენებელი მაინც, ჩემი აზრით, ეროვნულ ბანკს გააჩნია რესურსებიც და საკმარისი კომპეტენციაც იმისათვის, რომ დროულად გააკეთოს ჩარევა სწორედ ამ მიზნის მისაღწევად. მოლოდინი მცირედ რყევების მე მაინც მაქვს, თუმცა ვერ ვხედავ ნამდვილად იმ მიზეზს, რომ ეს იყოს რადიკალური,“ - განაცხადა რომან კაკულიამ. 

დღის ამბები