13 ნოემბერი 2018,   21:03
ვრცლად
"უნდათ ისე გაჭრან და გაკერონ ყველაფერი, როგორც მათ სურთ" - ოპოზიცია არჩევნების 28 ნოემბერს შესაძლო დანიშვნას ეხმაურება

როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, არჩევნები 28 ნოემბერს ჩატარდეს, თუმცა ამ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დრომდე არ ადასტურებს.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას შუა კვირაში არჩევნების გამართვა აწყობს, რადგან მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ დასაქმებულ ადამიანებს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ მოახერხებენ, განსაკუთრებით კი უცხოეთში. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მაინც დამარცხდება.

„დამარცხებული „ქართული ოცნება“ რა ხრიკებს არ მიმართავს იმისთვის, რომ რამენაირად გაიუმჯობესოს და თვლიან, რა არის მათთვის მისაღები. შაბათ-კვირასაც დაგამარცხებთ, ორშაბათსაც, სამშაბათსაც, ხუთშაბათსაც და პარასკევსაც, იმიტომ, რომ თქვენ განაჩენი ქართველმა ხალხმა გამოგიტანათ. რაც შეეხება კანონით მანიპულაციებს, ეს არის მათი სტანდარტი, რომ არ აინტერესებთ არანაირი კანონი, რეგულაცია, უნდათ ისე გაჭრან და გაკერონ ყველაფერი, როგორც მათ სურთ. მაგრამ რისი ეშინიათ, რატომ უნდათ მაინცდამაინც შუა კვირაში, ისინი ფიქრობენ, რომ ამით განსაკუთებით უცხოურ უბნებზე, სადაც ტოტალურად მოვუგეთ, 52%-ით 22%, თუ არ ვცდები, სალომე ზურაბიშვილს გრიგოლ ვაშაძემ მოუგო, განსაკუთრებით უნდათ, რომ უცხოურ უბნებზე შექმნან პრობლემა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია მოქალაქეებისთვის არჩევნებზე მისვლაში პრობლემების შექმნას, ხელისუფლების უსუსურ მცდელობად აფასებს.

„ეს არის წაგებული პოლიტიკური გუნდის უსუსური მცდელობა, პრობლემა შეუქმნან ადამიანებს, რომლებიც შუა კვირაში მუშაობენ, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის უსუსური მცდელობა და ყველა შემთხვევაში მათ დავამარცხებთ, რა დღესაც არ უნდა დანიშნონ ეს არჩევნები,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კვირა დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა მეორე ტურთან დაკავშირებით მსგავსი დათქმა კანონში არ არის აღნიშნული. 

 

 

დღის ამბები