13 ნოემბერი 2018,   21:07
ვრცლად
მივმართე მინისტრს, რომ ერთი საფეხურით მოემატებინა ეკა გიგაურისთვის წოდება - ბიწაძე სასამართლოში გიგაური-ხაინდრავას საქმის განხილვაზე დაიკითხა

ეკა გიგაურის სარჩელი გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ - დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე იმყოფებოდა.

საქმე ეხება ხაინდრავას მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისადმი საჯაროთ გამოთქმულ ბრალდებებს, სადაც ხაინდრავამ ეკა გიგაური 7 ნოემბრის აქციის დამრბევთა შორის მოიხსენია. ეკა გიგაური რეჟისორს ცილისწამების გამო უჩივის.

ბადრი ბიწაძე ხაინდრავას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ. ბიწაძის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„2007 წლის 7 ნოემბერს არცერთი მესაზღვრე არ ყოფილა, სადაც დარბევის ადგილი იყო. პრემია აიღეს, ეს პრემია არამარტო 2007 წელს, არამედ ყოველ წელს ასე გრძელდებოდა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებით მძიმე დასაცავი ადგილები, 2500-3000 მეტრზე, ამისთვის ვამზადებთ ჩვენ სპეციალური დანიშნულების რაზმს, ეს იწყება გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდი, მთავრდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში, ყველა სამმართველოდან ვანაწილებთ ჩვენ ხალხს პერიოდულად, და შემდგომში თუ ბიუჯეტი მოგვცემდა საშუალებას, ამ ხალხს ჩვენ ვაძლევდით პრემიას,“ - განაცხადა ბიწაძემ.

ბადრი ბიწაძე ასევე პასუხობს ხაინდრავას მორიგ ბრალდებას ეკა გიგაურის მიმართ, რომლის მიხედვითაც მას კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭეს.

„გენერლის სტატუსი ჰქონდა და ქალბატონი გიგაური იყო ლეიტენანტი და ქალბატონმა გიგაურმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში. განსაკუთრებულად მუშაობდა აშშ-ის სასაზღვრო პროგრამასთან და აქედან გამომდინარე, წავახალისეთ და ჩემი წარდგინებით მივმართე მინისტრს, რომ ერთი საფეხურით მოემატებინა წოდება,“ - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭეს. ხაინდრავას თქმით, კაპიტნის წოდება ეკა გიგაურმა სწორედ 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო.

ხაინდრავას მტკიცებით, 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

დღის ამბები