17 დეკემბერი 2018,   10:33
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას პასუხობს 

"თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია სამხედო ფორმით პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა,“- ასე გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას, სადაც მან აღნიშნა, რომ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

უწყების ცნობით, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალები პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტია.

„პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია, აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია სამხედრო ფორმით პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის. მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს, შეიარაღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური გაერთიანების წევრს, ნუ ეცდება შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ, თუ საარჩევნო კამპანიაში,“- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გენერალმა დევი ჭანკოტაძის თქმით, აქართველოს არ დაუწყია ომი. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.

ამავე თემაზე
დღის ამბები