20 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
გიგაური ხაინდრავას წინააღმდეგ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი "ოცნების" იდეოლოგს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება 

გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკა გიგაური „ქართული ოცნების“ მთავარ იდეოლოგს სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის.

დღეს სასამართლო პროცესზე გოგა ხაინდრავა მოპასუხე იყო. სასამართლოში რეჟისორი „კურიერის“ გადამღები ჯგუფის სასამართლოში გამოჩენამ გააღიზიანა. ხაინდრავამ „რუსთავი 2"-თან საუბარი არ ისურვა და ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

ხაინდრავა დღევანდელ პროცესზე იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ ეკა გიგაურის ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიც გამოიყენა, ამის გამო კი გიგაურმა მაშინ კაპიტნის წოდება მიიღო.

გოგა ხაინდრავას მოთხოვნით დღევანდელ პროცესზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე დაიკითხა. ბიწაძემ შვიდ ნოემბრის აქციის დაშლასთან გიგაურის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კავშირი უარყო და თქვა, რომ კაპიტნის წოდება გიგაურმა წარმატებული რეფორმებისთვის მიიღო.

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ჩვენებით მოპასუხე მხარე უკმაყოფილო დარჩა.

ეკა გიგაური სასამართლო პროცესს დღეს არ ესწრებოდა. მისი ადვოკატების განცხადებით კი ხაინდრავას საჯარო ბრალდებები მიზანმიმართულია და გიგაურის რეპუტაციისა და მისი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

გოგა ხაინდრავა ერთადერთი არ არის, ვინც ეკა გიგაურს 7 ნოემბრის აქციის ერთ-ერთ დამრბევად მოიხსენიებს. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკეთა და საერთაშორისო კონფერენციაზე გიგაური წარსულის გამო გააკრიტიკა.

ბრალდებების ადრესატი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ შეტევა მიზანმიმართულია და მისი ორგანიზაციის მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები