19 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
საჯარო მოხელეების დევნა პოლიტიკური ნიშნით და გაფლანგული ფული - ოპოზიცია მარტვილის მერს მძიმე ბრალდებებს უყენებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები 4 თვის გადაუხდელ ხელფასს უკვე 2 წელია, ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სოფლის რწმუნებულებისა და 65 თანამშრომლის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით შეაფასა და მათი აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, მარტვილის მერიამ უზენაესი სასამართლოს განაჩენი მხოლოდ 4 თვის შემდეგ შეასრულა.

სენაკის სასამართლომ მუნიციპალიტეტს თანამშრომლებისთვის ოთხი თვის ხელფასის განაცდურის სახით ანაზღაურება დაევალა.

მარტვილის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივ ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა. თუმცა დავის ნაწილი დასრულებული არ არის და, სავარაუდოდ, ხარჯები უფრო გაიზრდება.

ოპოზიციის მტკიცებით, ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის გარდა, მუნიციპალურმა ორგანომ ვერც დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები შეასრულა. ერთ-ერთი ინჩხურის ხიდია, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ის შეჩერებულია. ადგილობრივები ყვებიან, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ფული წაიღეს და ქვეყანა დატოვეს.

”კურიერი” მარტვილის მერს დაუკავშირდა, თუმცა მან საკუთარი გადაწყვეტილებებზე განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

 

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, ემა გოგოხია

დღის ამბები