წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის დაპირებები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან ასოცირდება - ამის შესახებ განცხადებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აკეთებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" კონკრეტული ფაქტები შეისწავლა და დაადგინა, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი სოციალური პროექტი დააანონსა, მათ შორის, ერთ-ერთი არის სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვანი წევრისთვის სოციალური შემწეობის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წევრების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტის შესახებ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები შესაძლოა ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უტოლდებოდეს.
„პირველი ტურის შემდეგ იწყება მასიური პროექტების ინიცირება, მათ შორის, ერთ-ერთი უკვე ბიუჯეტშიც არის ასახული 70 მილიონი ჯდება მისი განხორციელება,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილი.
არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე არ უნდა მოხდეს მსგავსი ძირითადად სოციალური პროგრამების ინიცირება ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ ეს აღიქმება როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნოდ და ეს რეალურად, სერიოზულ ზიანს აყენებს საარჩევნო გარემოს, ის ნაკლებად კონკურენტული ხდება და ამით სერიოზულ სარგებელს იღებს სახელისუფლებო პარტია ამიტომ, ეს რეკომენდაცია არ არის მხოლოდ ჩვენი მოგონილი, ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელიც არსებობს საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა ნატროშვილმა.
სამოქალაქო სექტორს ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაც მოჰყავს. დავით სერგეენკოს თქმით, იმ შემთხვევაში თუკი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დაიწყებს მუშაობას, ერთი წლის განმავლობაში, მას შეუნარჩუნდება სოციალური შემწეობა.
გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ,რ ომ ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობის პირები სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება-გადაცემას აანონსებენ.
მესამე სექტორი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მსგავსი სოციალური პროექტების ინიცირებისგან თავის შეკავებას ურჩევს.