15 ნოემბერი 2018,   02:51
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეში, მოწმე მიხეილ კალანდიაზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაზე, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მერაბ მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, თუმცა ის სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორჩაძეს სასჯელის მოხდის ვადაში 8 ივნისიდან 9 ნოემბრის ჩათვლით წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ჩაეთვალა. 

მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით 8 ივნისს დააკავეს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე. ​

გათავისუფლების შემდეგ მერაბ მორჩაძე მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით ის ეთანხმება წაყენებულ ბრალს.

რაც შეეხება მის ადვოკატს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმაში რომ მას მოწმესთან ჰქონდა  ყოფითი საუბარი.

„ჩვენი  კანონმდებლობა რჩევასაც კი, დავუშვათ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს, რომ ურჩიოს ასე მოიქეცი ან ასე მიეცი ჩვენება, ცნობს როგორც დანაშაულს. შესაბამისად ის ცნობილ იქნა დამნაშავედ, რომ მან მიმართა. ის ამას აღიარებს. ეს იყო მათშორის ჩვეულებრივი ყოფითი საუბარი რა დროსაც მან უთხრა აღნიშნული,“-განაცხადა მერაბ მორჩაძის ადვოკატმა.

პროკურორის ინფორმაციით გამამტყუნებელი განაჩენი დადგა სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მოწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის.

„აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია,“-განაცხადა საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა. 

 

დღის ამბები