24 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" აქტივისტებმა ზურბიშვილის მხარდამჭერი ბუკლეტები დაბეჭდეს და ავტოსადგომზე ბილეთებთან ერთად დაარიგეს

„პატრიოტთა ალიანსი“ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო. პარტიის აქტივისტებმა პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერი ბუკლეტები დაბეჭდეს და ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში დაარიგეს.

ბუკლეტზე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მისამართით ანტიკამპანია წარმოებული.  

ბუკლეტებს სადგურის მოედანზე, ავტოსადგომზე არიგებენ. ის ბილეთებთან ერთად რიგდება. როდესაც მოქალაქეები ბილეთებს ყიდულობენ, თან აძლევენ ბუკლეტს, სადაც მოუწოდებენ, რომ 23 და 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციებზე მივიდნენ და სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირონ.

„ჩვენმა შეფმა, ავთო ენუქიძემ მოგვცა, დაარიგეთო და ვარიგებ. ბილეთებთან ერთად არა,“- განაცხადა ერთ-ერთმა პირმა.  

ავტოსადგომის მესაკუთრეს „კურიერის“ ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს მისი კერძო ტერიტორიაა მისი გადასაწყვეტია, რას დაარიგებს.

„მაგ ტელევიზიას არ ვაძლევ ინტერვიუს, კარგად იყავით. ტერიტორიაზე ნუ შედიხართ, თორემ პატრულს გამოვიძახებ. არაფერს არ ვარღვევ, მაგ ბუკლეტში ისეთი არაფერი წერია. „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი ვარ,“- განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

სხვა პარტიის მიერ გაღებული ფინანსური დახმარება უკანონო შემოწირულობად განიხილება. სამოქალაქო სექტორი აუდიტის სამსახურს მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„პოლიტიკური პარტია ახორციელებს გარკვეულ აქტივობას, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მან, სავარაუდოდ, დაამზადა სააგიტაციო მასალა, რომელიც ახორციელებს კონკრეტული კანდიდატის სასარგებლო და მეორე კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციას. მან ამის დასაბეჭდად, სავარაუდოდ, გარკვეული თანხა დახარჯა, ეს თანხა უკვე წარმოადგენს შემოწირულობას. პოლიტიკურ პარტიას კი არ აქვს, განახორციელოს შემოწირულობა, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ადგილი აქვს უკანონო შემოწირულობის განხორციელებას,“- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები