15 ნოემბერი 2018,   02:51
ვრცლად
უნდა გავეცნო, ეფუძნება თუ არა ეს ავთენტურობას, შემდეგ გავაკეთებ განცხადებას - სესიაშვილი ზურაბიშვილის მიერ რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე მიცემულ ინტერვიუზე საუბრობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილის 2 წლის წინანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის 2 წლის წინანდელ ინტერვიუს, სადაც „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი ამბობს, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ინტერვიუს თავად არ გასცნობია ჯერ და სანამ არ გადაამოწმებს და ავთენტურობას არ დაადგენს, მანამდე მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

სესიაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციებს არ ვენდობი. თქვენს უკან იმდენი "ფეიკი" მოქმედებს, თქვენ უკან იმდენი მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება ხდება, რომ თქვენ რაც არ უნდა მომაწოდოთ, მე ამას ვერ დავიჯერებ. მე უნდა გავეცნო, დავეყრდნო, არის თუ არა ეს ოფიციალური განცხადება, ეფუძნება თუ არა ეს ავთენტურობას, ამის შემდეგ გავაკეთებ განცხადებას, თუმცა, თქვენ ხართ მხარე, თქვენ გინდათ, მაქსიმალურად მოახდინოთ ჩვენი კანდიდატის იმიჯის შელახვა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით სტატია რუსულ ინტერნეტ გამოცემაშია განთავსებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილის იმ ინტერვიუს ეყრდნობიან, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. ეს ინტერვიუ 2016 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ზურაბიშვილი კენჭს დეპუტატად იყრიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები